LIVE

ბრიტანელებს £11 მილიარდის ქაღალდის ბანკნოტების დასახარჯად ერთი კვირა აქვთ

24 სექ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1005
ბრიტანელებს £11 მილიარდის ქაღალდის ბანკნოტების დასახარჯად ერთი კვირა აქვთ

ბრიტანელ მომხმარებლებს სულ რაღაც ერთი კვირა რჩებათ ბოლო 11 მილიარდი ფუნტის ($12,4 მილიარდი) ქაღალდის ბანკნოტების დასახარჯად, რომლებიც კვლავ მიმოქცევაშია, სანამ შეწყვეტს კანონიერი გადახდის საშუალების ფუნქციის შესრულებას და პოლიმერულით ჩანაცვლდება.

კერძოდ, ინგლისის ცენტრალური ბანკის (BOE) განცხადებით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ თითქმის 6 მილიარდი ფუნტის ძველი 50-ფუნტიანი კუპიურებისა და 5 მილიარდ ფუნტზე მეტი 20-ფუნტიანი კუპიურების გადახდის საშუალებად გამოყენებას. საუბარია ჯამში 360 მილიონზე მეტ ბანკნოტზე.

ადამიანებს შეუძლიათ გაცვალონ ქაღალდის ბანკნოტები პლასტმასის მსგავსი პოლიმერისგან დამზადებულ ახალ ვალუტაში, რისთვისაც პირადად უნდა გამოცხადდნენ ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის სათაო ოფისში. ამასთან, მოქალაქეებს ბევრი კომერციული ბანკი მისცემს თანხის ანგარიშებზე შეტანის საშალებას.

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს დილით, ცენტრალურ ბანკში კუპიურების გაცვლის მსურველთა საკმაოდ გრძელი რიგი იყო.

20 და 50-ფუნტიანი ქაღალდის კუპიურების მიმოქცევიდან ამოღებით ინგლისის ცენტრალური ბანკი დაასრულებს ქაღალდის ფულის პოლიმერზე გადატანის პროცესს. ამასთან, ვალუტის ყველა პოლიმერული ვერსია, რომელზეც დედოფალ ელიზაბეტ II-ის პორტრეტია, კვლავ დარჩება მიმოქცევაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი 50-ფუნტიანი კუპიურა მეორე მსოფლიო ომის კოდების გამშიფვრელს, ალან ტურინგს ეძღვნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ გუდმენი