LIVE

ახალ 50-ფუნტიან კუპიურაზე ალან ტურინგი იქნება გამოსახული

26 მარ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1953
ახალ 50-ფუნტიან კუპიურაზე ალან ტურინგი იქნება გამოსახული
Bloomberg

ინგლისის ცენტრალური ბანკის (BOE) ახალი, 50-ფუნტიანი კუპიურა მეორე მსოფლიო ომის კოდების გამშიფვრელს, ალან ტურინგს ეძღვნება და ბანკის "ყველაზე უსაფრთხო" ბანკნოტების სერიაში, ბოლო კუპიურაა.

იმ ფონზე, როცა მიმდინარე კვირაში, ცენტრალური ბანკები მთელი მსოფლიოდან, კრიპტოვალუტების და ციფრული გადახდების განვითარების საკითხზე იმსჯელებენ, ქაღალდის ფულზე, ტურინგის ფრაზა იქნება დატანილი, რომელიც ამბობს: "ეს მხოლოდ წინასწარმეტყველებაა იმისა, რაც უნდა მოხდეს და მხოლოდ ჩრდილი იმისა, რაც მოხდება."

ახალ ბანკნოტზე განთავსებულია ორი ფანჯარა და ორი ფერის ნიშანი, რაც გაყალბებას კიდევ უფრო ართულებს. მასზე ასევე დატანილია ჰოლოგრამული გამოსახულება, რომელიც იცვლება სიტყვებს: "ორმოცდაათსა" და "ფუნტს" შორის. გარდა ამისა, ვალუტაზე დატანილი სპეციალური ნიშანი მხედველობა დაქვეითებულთათვის მის იდენტიფიცირებას გაამარტივებს.

კუპიურა ასევე ასახავს, მათემატიკოსთან და ხელოვნური ინტელექტის მამასთან, ტურინგთან დაკავშირებულ სხვა გამოსახულებებსაც. მათ შორისაა მისი კოდის გამშიფვრელი აპარატის, Enigma-ს ტექნიკური ნახაზები და მისი დაბადების თარიღი ბინარული კოდით.

ტურინგის მიღწევებს შორის არის პირველი კომპიუტერის განვითარებაში შეტანილი წვლილი, ხოლო მისმა ნამუშევრებმა იმასთან დაკავშირებით, შეუძლიათ თუ არა მანქანებს ფიქრი, საფუძველი ჩაუყარა ხელოვნური ინტელექტის ფენომენს.

"ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ბანკნოტია, სადაც გამოყენებულია ჰოლოგრამაც და ჰოლოგრაფიული მიკროჩიპიც, როგორც პატივისცემის ნიშანი ტურინგის კომპიუტერთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართ, ეს კი გაყალბებას ძალიან გაართულებს," ამბობს BOE-ს მთავარი მოლარე, სარა ჯონი.

ახალი 50-ფუნტიანი კუპიურის ნიმუში. 

50-ფუნტიანისთვის ტურინგის კანდიდატურა საზოგადოებრივი ნომინაციებისა და დიდი ბრიტანულ ბანკნოტებზე მეტი მრავალფეროვნებისკენ მიმართული კამპანიის შემდეგ შეირჩა. ის 1952 წელს მამაკაცთან ურთიერთობის გამო გაასამართლეს, არაწესიერების ბრალდებით, ხოლო, სიკვდილის შემდგომ, 2013 წელს შეიწყალეს. ტურინგმა თავი 41 წლის ასაკში, მისი დაკავების გარემოებების გამო მოიკლა.

”როგორც მხატვარმა ენტონი გორმლიმ აღნიშნა, ალან ტურინგმა გახსნა კარი ინდუსტრიულ და ინფორმაციულ ეპოქებს შორის," ამბობს ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველი, ენდრიუ ბეილი.

”ალან ტურინგი იყო გეი, რომლის ტრანსფორმაციული საქმიანობა კომპიუტერული მეცნიერების, განშიფვრის და განვითარებადი ბიოლოგიის დარგებში, საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიმართ საშინელი მოპყრობის პრევენციისთვის. მისი გამოსახულების 50- ფუნტიან ბანკნოტზე განთავსებით, ჩვენ მის მიღწევებს ვზეიმობთ."

ახალი კუპიურა მიმოქცევაში 23 ივნისს ჩაეშვება და ამით, ინგლისის ცენტრალური ბანკი დაასრულებს ქაღალდის ფულის პოლიმერზე გადატანის პროცესს. 50-ფუნტიანი კუპიურა ბრიტანული ფულის მიმოქცევაში ყველაზე მაღალი ღირებულებისაა და იშვიათად გამოიყენება რუტინული შესყიდვებისთვის. 2013 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა თითქმის მესამედს არასდროს გამოუყენებია ის, მაგრამ მისი ტირაჟი სავარაუდოდ უახლოეს წლებში გაიზრდება, რადგან ინფლაცია ფუნტის ღირებულებას ამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკნოტებზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან გაურკვევლობის ფონზე, ხალხი ცდილობს ნაღდი ფული იქონიოს, გაერთიანებულ სამეფოში ფულის კუპიურების გამოყენება პანდემიის პერიოდში შემცირდა. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს ბარათით გადახდას, ონლაინ შოპინგს ან სხვა უკონტაქტო ფორმებს. როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ბანკი ქაღალდის ფულს აქტიურად ანახლებს, ის ასევე აქტიურად მუშაობს ციფრული ვალუტების შექმნაზეც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუსი მიკინი

Andrew Bailey