LIVE

სამინისტრო - მოქალაქეებმა წამლებზე ₾80 მილიონამდე დაზოგეს

02 სექ 202211:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
სამინისტრო - მოქალაქეებმა წამლებზე ₾80 მილიონამდე დაზოგეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და საქართველოში $6,4 მილიონის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა. 

უწყების თანახმად, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობენ. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც უწყების თანახმად, წამლებს მნიშვნელოვნად გააიაფებს. 

აღსანიშნავია, რომ ივლისში თურქეთში მედიკამენტები გაძვირდა. კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანებით, 2022 წლისთვის წამლის ფასების ევროს ლირაზე კონვერტაციის კურსი 25%-ით გაიზარდა. როგორც "ფარმადეპოში" აცხადებდნენ, ეს საქართველოში შემოტანილი თურქული მედიკამენტების 25-30%-ით გაძვირებას გამოიწვევდა.