„ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელის ქეთი კოზმანაშვილის განცხადებით, თურქეთში მედიკამენტების გაძვირების გამო, „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან შემოტანილი სამკურნალო საშუალებების ღირებულება 25-30%-ით მოიმატებს.
„ფარმადეპოში“ ამბობენ, რომ მომხმარებლებს გაზრდილი ფასით მედიკამენტების შეძენა დაახლოებით, 2 კვირის შემდეგ მოუწევთ.
„მომწოდებლებმა განახლებული ფასები უკვე გამოგვიგზავნეს. დაახლოებით, 25-30%-ით ველოდებით იმ მედიკამენტების თვითღირებულების ზრდას, რომლებსაც თურქეთიდან შემოვიტანთ.
ქსელში ამ ეტაპზე გაძვირება ასახული არ არის, იმიტომ, რომ ძველი ნაშთებით ვმუშაობთ. ალბათ, 2 კვირაში მოგვიწევს ფასების გადახედვა, რადგან ნაშთები ამოიწურება და ახალი თვითღირებულებით შევისყიდით მედიკამენტებს“, - განუცხადა „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა „ბიზნეს ფორმულას“.
ქეთი კოზმანაშვილის თქმით, „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში, თურქეთიდან შემოტანილი 300-მდე დასახელების მედიკამენტი იყიდება. მათი დიდი ნაწილი კი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, მოთხოვნადი მედიკამენტებია.
შეგახსენებთ, თურქეთში ადგილობრივი მედიკამენტები ძვირდება. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის ბრძანებით, 2022 წლისთვის წამლის ფასების ევროს ლირაზე კონვერტაციის კურსი 25%-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად ქვეყანაში მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა.
ჯანდაცვის უწყების მიერ 2 კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია ხელმისაწვდომი. პრეპარატების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.