საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობა გასაყიდად კიდევ ერთხელ გამოიტანა. რიგით მერვე აუქციონზე კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობის საწყისი ფასი 65 000 000 ლარია.
საზმაუ ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.N31-ში ახალი შენობას იშენებს და პარალელურად ძველის გაყიდვას ცდილობს.
აქამდე ჯამში ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული შვიდი აუქციონი ჩაიშალა. პირველი აუქციონი 2020 წლის 16 ივნისს გამოცხადდა 122 432 000 ლარი საწყისი ღირებულებით, გასულ წელს გამოცხადებულ ბოლო აუქციონზე კი ობიექტი დაახლოებით 40 მილიონი ლარით იაფად იყო გამოტანილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის საწყისი ფასი დღემდე გამოცხადებულ შვიდ აუქციონზე ასე იცვლებოდა:
- 16/06/2020 - ₾122 432 000;
- 16/07/2020 - ₾110 343 600;
- 03/08/2020 - ₾99 536 040;
- 15/03/2021 - ₾96 904 512;
- 21/05/2021 - ₾82 455 450;
- 11/06/2021 - ₾82 455 450;
- 05/07/2021 - ₾82 455 450.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 77 მილიონი ლარია, 2020 წელს დაიწყო. ახალ შენობაში გადასვლის დაწყების თარიღად 2023 წლის გაზაფხული სახელდება.
ცნობისთვის, 2022 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება 13 მლნ ლარით გაიზარდა და 82.2 მლნ ლარს გაუტოლდა. საზმაუს დაფინანსების ზრდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ხდება, რომლის მიხედვით მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს.