LIVE

საზმაუმ ახალი შენობის რემონტისთვის ₾41 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

29 აგვ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
საზმაუმ ახალი შენობის რემონტისთვის ₾41 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალ შენობასთან დაკავშირებით 41 068 411 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, საზმაუ ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.N31-ში ახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოებს ყიდულობს.

ელექტრონული ტენდერის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძველი შენობის გაყიდვას, ფასის კლების მიუხედავად, უშედეგოდ ცდილობს. ჯამში ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული შვიდი აუქციონი ჩაიშალა. პირველი აუქციონი 2020 წლის 16 ივნისს გამოცხადდა 122 432 000 ლარი საწყისი ღირებულებით, გასულ წელს გამოცხადებულ ბოლო აუქციონზე კი ობიექტი დაახლოებით 40 მილიონი ლარით იაფად იყო გამოტანილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის საწყისი ფასი დღემდე გამოცხადებულ შვიდ აუქციონზე ასე იცვლებოდა:

  • 16/06/2020 - ₾122 432 000;
  • 16/07/2020 - ₾110 343 600;
  • 03/08/2020 - ₾99 536 040;
  • 15/03/2021 - ₾96 904 512;
  • 21/05/2021 - ₾82 455 450;
  • 11/06/2021 - ₾82 455 450;
  • 05/07/2021 - ₾82 455 450.

როგორც დაანონსდა, შემდეგ აუქციონზე კოსტავას 68-ში მდებარე შენობის ფასი კიდევ შემცირდება და 65 მილიონი ლარი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 77 მილიონი ლარია, 2020 წელს დაიწყო. მას კომპანია "დაგი" აშენებს. ახალ შენობაში გადასვლის დაწყების თარიღად 2023 წლის გაზაფხული სახელდება.

ცნობისთვის, 2022 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება 13 მლნ ლარით გაიზარდა და 82.2 მლნ ლარს გაუტოლდა. საზმაუს დაფინანსების ზრდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ხდება, რომლის მიხედვით მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს.