LIVE

ადანი მე-3 უმდიდრესი ადამიანი გახდა

30 აგვ 202212:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 871
ადანი მე-3 უმდიდრესი ადამიანი გახდა
Tomohiro Ohsumi/Bloomberg

ინდოეთის ფარგლებს გარეთ გაუტამ ადანის სახელი რამდენიმე წლის წინ ცოტამ იცოდა. ინდოელი ბიზნესმენი ახლა მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანია. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზიელი ადამიანი Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის სამეულში მოხვდა. ეს წარმატება ჯერჯერობით მიუღწეველია მისი თანამოქალაქე მილიარდერისთვის, მუკეშ ამბანისთვის და ჩინელი ჯეკ მასთვის

$137,4 მილიარდიანი ქონებით ადანმა ფრანგ ბერნარ არნოს გაუსწრო და ახლა რეიტინგში მხოლოდ ამერიკელ ილონ მასკსა და ჯეფ ბეზოსს ჩამორჩება. 

60 წლის ადანმა ბოლო რამდენიმე წელი თავისი კონგლომერატის გაფართოებაში გაატარა და მისწვდა ყველაფერს: მონაცემთა ცენტრებს თუ ცემენტის წარმოებას, მედიას თუ ალუმინის ნაწარმს. ჯგუფი ახლა ფლობს ინდოეთის უმსხვილეს კერძო პორტსა და საჰაერო ხომალდების მოვლის ორგანიზაციას, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელს და ქვანახშირის მაღაროს. 

კარმაიკლის ქვანახშირის მაღაროს პროექტის გამო, მილიარდერს გარემოსდამცველები ხშირად აკრიტიკებენ. ნოემბერში ადანიმ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის $70 მილიარდს მწვანე ენერგიაში ჩადებს და მსოფლიოში განახლებადი ენერგიის უდიდესი მწარმოებელი გახდება.

მას შემდეგ, რაც ადანის იმპერია იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატად, მის ქონებასთან დაკავშირებული განხილვებიც იმატებს. CreditSights-ის ანგარიშის მიხედვით, ადანის გარიგებები ძირითადად ფინანსდება ვალით და მისი იმპერია მეტისმეტად ემყარება ნასესხებ კაპიტალს. 

ზოგიერთი კანონმდებელი და ბაზრის დამკვირვებელი აქციონერთა გაუმჭვირვალე სტრუქტურებზე მიუთითებს. ისინი აღნიშნავენ, რომ Adan Group-ის კომპანიებთან დაკავშირებით ანალიტიკური მასალები მწირია. 

მიუხედავად ამისა, ჯგუფის აქციების ფასი იზრდება. ზოგიერთმა მათგანმა 2020 წლის შემდეგ, 1000%-ზე მეტი ზრდა აჩვენა. მაგნატმა ყურადღება გაამახვილა იმ სფეროებზე, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ინდოეთის გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. 

ბოლო თვეებში ქვანახშირის ფასის მატებამ კიდევ უფრო გააძლიერა მილიარდერის აღმასვლა.

ადანის ქონება მხოლოდ წელს $60,9 მილიარდით გაიზარდა, რაც ხუთჯერ აღემატება წლის მე-2 საუკეთესო მაჩვენებელს. თებერვალში მან პირველად გადაუსწრო ამბანს, როგორც უმდიდრეს აზიელს, აპრილში კი მილიარდერთა ექსკლუზიური კლუბს შეუერთდა. გასულ თვეს გაუსწრო ბილ გეიტსს და მსოფლიოში მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ადანიმ უმდიდრეს ამერიკელებს გაუსწრო, მათი ქველმოქმედებაში დახარჯული თანხაა. გეიტსმა ივლისში განაცხადა, რომ ის ბილ და მელინდა გეიტსის ფონდს $20 მილიარდს გადაურიცხავდა, ხოლო უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებას $35 მილიარდზე მეტი შესწირა. ფილანთროპიაზე დახარჯულმა მილიარდობით დოლარმა ისინი Bloomberg-ის სიმდიდრის რეიტინგში ქვემოთ დასწია. გეიტსი ახლა მე-5, ბაფეტი კი მე-6 ადგილზეა.

ქველმოქმედების წილს ადანიც ზრდის. ივნისში მან პირობა დადო, რომ 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად სოციალური მიზნებისთვის $7,7 მილიარდს დახარჯავს. 

Bloomberg-ის პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში ერთადერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილია. ის $5.67 მილიარდით 419-ე ადგილს იკავებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრე საზონოვი