LIVE

ადანიმ ბილ გეიტსს გაუსწრო და მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

22 ივლ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1475
ადანიმ ბილ გეიტსს გაუსწრო და მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

ინდოელმა მილიარდერმა გაუტამ ადანიმ ბილ გეიტსს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ადანის წმინდა ქონება გუშინ $113 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ Microsoft-ის თანადამფუძნებელს $230 მილიონით გადაუსწრო.  

ინდოელი მაგნატის ქონება წელს $36 მილიარდით გაიზარდა, რაც წლის ყველაზე დიდი მატებაა. ამასთან, შემცირდა გეიტსის ქონება, რადგან მან დააჩქარა ტექნიკური აქციების გაყიდვა და უფრო აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.  

ადანი, რომლის იმპერია მოიცავს პორტებს, მაღაროებსა და მწვანე ენერგიას, სიმდიდრის რეიტინგში ლიდერ პოზიციებზე მოხვდა, სადაც ტრადიციულად დომინირებენ აშშ-ის ტექნოლოგიური სფეროს მეწარმეები. ის სწრაფად ახდენს დივერსიფიკაციას მწვანე ენერგეტიკაში, აეროპორტებში, მონაცემთა ცენტრებში, ციფრულ სერვისებსა და მედიაში. მისი სტრატეგია თანხვედრაშია ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ერის მშენებლობის დღის წესრიგთან.

მისი სახელობის ჯგუფში შემავალმა ფირმებმა შეძლეს გლობალური ინვესტორების, მათ შორის საფრანგეთის TotalEnergies-ისა და Warburg Pincus-ის მოზიდვა და აქციების ფასის გაზრდა. 

ადანიმ თავდაპირველად ქონება ქვანახშირის მრეწველობით მოიპოვა, თუმცა თითქმის მთელი ქონება ბოლო ორი წლის განმავლობაში სუფთა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე გადასვლის წყალობით დააგროვა. აპრილში მისმა ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა და შეუერთდა მილიარდერთა ელიტარულ კლუბს, რომელშიც შედიან ელონ მასკი და ჯეფ ბეზოსი. 

ნოემბერში ადანიმ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის $70 მილიარდს მწვანე ენერგიის ღირებულების ჯაჭვში ჩადებს. ამ  ვალდებულებას  ხშირად აკრიტიკებენ გარემოსდამცველები, რადგან მისმა ჯგუფმა ინვესტიცია განახორციელა ავსტრალიაში კარმაიკლის ქვანახშირის მაღაროს პროექტში.

Bloomberg-ის პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში ერთადერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილია. ის $5.67 მილიარდით 415-ე ადგილს იკავებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პი სანჯაი