LIVE

ჯეკ მაზე ჩინეთის ხელისუფლების ზეწოლა ტექნოლოგიურ კომპანიებს აშინებს

09 მარ 202116:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
ჯეკ მაზე ჩინეთის ხელისუფლების ზეწოლა ტექნოლოგიურ კომპანიებს აშინებს
KIM HONG JI/REUTERS

ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთმა გახსნა საკუთარი ეკონომიკა და მსოფლიოს ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა. სი ძინპინი ამბიციურ გეგმებს ადგენს, რათა გლობალურ კონკურენციაში ქვეყანა ციფრული ტექნოლოგიების ცენტრად აქციოს, თუმცა ტექნოლოგიურ დომინირებას საფრთხეს ჯეკ მას ბიზნეს იმპერიაზე ზეწოლა უქმნის.

ადგილობრივი მეწარმეებისა და სარისკო კაპიტალისტების აზრით, Alibaba Group Holding-ის თანადამფუძნებელზე ზეწოლამ ჩინეთის ტექნიკური სექტორის ნაწილები გააცოცხლა, თუმცა სი ძინპინი ტრილიონობით დოლარის დახარჯვას აპირებს, რათა ქვეყანა თვითკმარი გახდეს.

ჩეჟიანის პროვინციაში, სადაც ჯეკ მა დაიბადა, ერთ-ერთი სტარტაპერი ამბობს, რომ არ ცდილობს Alibaba-ს მასშტაბის წარმატებას მიაღწიოს, რადგან მთავრობის არასასურველი ყურადღების ქვეშ მოექცევა. მეორე სტარტაპერის თქმით, მან საჯარო გამოსვლები შეწყვიტა და რობოტების ბიზნესის გაფართოებას საზღვარგარეთ აპირებს.  საწარმოო კაპიტალის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ათობით სტარტაპს ეხმარება, ამბობს, რომ ჯეკ მას საგა მეწარმეებს ნაკლებად კრიტიკულს გახდის, განსაკუთრებით მათ, ვინც კონკურენციას უწევს სახელმწიფო კომპანიებს.

ამის მიუხედავად, არსებობენ Alibaba-სა და Ant Group-ის მიმართ რეპრესიების მომხრეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ისინი ამტკიცებენ, რომ მონოპოლიურ ტაქტიკაზე უარის თქმა და სტარტაპების დაფინანსება კონკურენციისთვის აუცილებელია. თუმცა, ათეულობით კომპანიის დამფუძნებელთან და ინვესტორთან ინტერვიუები ადასტურებს, რომ ისინი გამჭვირვალობის ნაკლებობისა და აზრის ჩახშობის გამო შეშფოთებულები არიან. ზოგიერთი მათგანი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდუსტრიებში შესვლამდე ამბიციების შეკავებას აპირებს.

სი ძინპინისთვის რისკია ხუთწლიანი ეკონომიკური გეგმის შესრულება, რომელიც მთავრობამ 5 მარტს ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შესამცირებლად გამოაქვეყნა. ჩინური მოდელი ტექნოლოგიურ პროგრესს აფერხებს, რადგან არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ტექნოლოგიური ინდუსტრია მეწარმეების გაჩუმებით.

„ჩინეთის მთავრობამ ბალანსი უნდა იპოვოს ინოვაციებსა და რეგულაციებს შორის“, ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლიჟი ლიუ. „სწორი ბალანსის პოვნა ძნელია: რამდენად საკმარისია რეგულაცია და როგორ ავიცილოთ თავიდან ზეგარეგულირება, რამაც შესაძლოა ინოვაცია და ზრდა შეაჩეროს?“

დევნის დაწყებამდე ძნელია გადააფასო  ჯეკ მას პოზიცია ჩინეთში. ის წააგავდა ბეზოსს, გეითსს და სტივ ჯობსს. დაფუძნებიდან 15 წლის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დებიუტის შემდეგ, მან საწარმოო კაპიტალის კომპანიებს შორის ოქროს ტალღა გამოიწვია. ბაზრის მკვლევარის, Preqin-ის თანახმად, ამან სტარტაპერებისთვის დაფინანსება გააჩინა და 2015 წლისთვის ქვეყანაში გარიგებების ღირებულებამ 56,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2013 წელს - 5,2 მილიარდ დოლარს.

ამ ფულადმა რესურსმა ჩინეთის ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რამაც ქვეყანა აშშ-ს კონკურენტად აქცია. 2018 წელს ჩინეთმა მოიზიდა სასესხო კაპიტალის დაახლოებით იგივე თანხა, რამდენიც აშშ-მ და შექმნა დაახლოებით იგივე რაოდენობის ე.წ. უნიქორნ სტარტაპები, რომელთა ღირებულება მინიმუმ 1 მილიარდი დოლარია. კომპანიები, რომლებიც ბუმიდან გამოვიდნენ, როგორიცაა ByteDance, Meituan და Pinduoduo, ტექნოლოგიების უდიდეს ბრენდებად იქცნენ.

ჯეკ მას ამბავი კი სიფრთხილის კარგ გაკვეთილად იქცა. გასული წლის ოქტომბრის სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის ფინანსური მარეგულირებლის კრიტიკის შემდეგ, მთავრობამ Ant ჯგუფის 35 მილიარდ დოლარიანი IPO შეაჩერა. რამდენიმე კვირის შემდეგ, პეკინმა ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო Alibaba-ს წინააღმდეგ. ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი ჯეკ მას პროვინციიდან ამბობს, რომ ის და სხვა ადგილობრივი მეწარმეები ამ ამბავს WeChat ჯგუფებში აღარ განიხილავენ.

თუმცა, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ჯეკ მას ამბავი ერთი ცალკეული შემთხვევა არ არის, ამიტომ ისინი თავს არიდებენ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა პეკინის გაღიზიანება გამოიწვიოს.

"მთავრობა ამტკიცებს, რომ კერძო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში და ისინი მთელი გულით დაგვეხმარებიან, მაგრამ სინამდვილეში მთავრობა არ ენდობა კერძო საწარმოებს“.

კიდევ ერთი მეწარმე, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ის ცდილობს მოელაპარაკოს მთავრობას საკუთარი კომპანიის დასაცავად. მან მთავრობის საინვესტიციო ფონდები მიიწვია წილისა და შესაძლოა, საკონტროლო პაკეტის შესაძენადაც კი. კიდევ ერთი კომპანიის დამფუძნებელი კი თვლის, რომ მთავრობის ბიუროკრატების მიერ მსგავს კომპანიებზე კონტროლის დამყარება გარდაუვალია.

ადგილობრივი ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ პეკინის ანტიმონოპოლური ზომები შეიძლება მოკლევადიან პერიოდში დადებითად აისახოს სტარტაპებზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობის ჩარევა ზიანს აყენებს ეკონომიკურ ზრდას და ინოვაციებს.

ინდუსტრიის შეშფოთება გარკვეულწილად გამომდინარეობს იქიდან, რომ თანამედროვე ჩინეთი არასდროს ყოფილა მსგავს ვითარებაში. კერძო სექტორი იმდენად ახალია, რომ ანტიმონოპოლური შემოწმების პრეცედენტიც არ ჰქონია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პიტერ ალსტრომი და კოკო ლიუ