LIVE
ვიდეო
29 ივლ, 2022 11:08
ივნისში ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა - საქსტატი
172

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.5% იყო.

მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში. 

რაც შეეხება 2022 წლის პროგნოზებს, მთავრობა წელს მინიმუმ 6%-იან ზრდას ელის და უკვე დაანონსდა, რომ არსებული პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედება. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა ეროვნულმა ბანკმა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდი, ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას ელის. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა

მეტის ჩვენება