LIVE
ვიდეო
31 მაი, 2023 11:05
4 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
564

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა 7.3% იყო.

აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ 4 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 23.6%-ით, ხოლო იმპორტი - 21.2%-ით.

მხოლოდ აპრილში საქართველოში, 5 729 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.9%-ით შემცირდა.

აპრილში, წლიურად 6.1%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 10 მლრდ 447 მლნ ლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5%-ზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. ასევე 4.5%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB). Galt & Taggart-ი კი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებს

აღსანიშნავია, რომ მაისში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. სებ-ის შეფასებით, ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. 

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო. 

გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა, რამდენადაც იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ