Galt & Taggart-ი 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებს. აქამდე ორგანიზაცია 4.8%-იან ზრდას ვარაუდობდა. პროგნოზის 1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესების მიზეზად დასახელდა მიმდინარე წლის I კვარტალში ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა და დეფლაცია.
გარდა ამისა, 5.2%-დან 4.7%-მდე შემცირდა საშუალოწლიური ინფლაციის პროგნოზიც. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი მარტში 5%-მდე შემცირდა, თებერვლის 6.6%-ის შემდეგ. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.2%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი 2023 წელს ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზების გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე შენარჩუნება სწორედ ინფლაციის 3%-იანი სამიზნე ნიშნულის მიღწევას ემსახურება.
ამასთან, Galt & Taggart დოლართან მიმართებით ლარის კურსის გამყარებასაც პროგნოზირებს. აქამდე მოსალოდნელი იყო, რომ საშუალოდ 1 დოლარი 2.65 ლარი ეღირებოდა, თუმცა განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წელს 1 დოლარი საშუალოდ 2.55 ლარი ეღირება. ლარის გამყარების მთავარი მიზეზად Galt & Taggart საგარეო შემოდინებებს ასახელებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა I კვარტალში $460.5 მილიონი შეისყიდა რეზერვების შესაქმნელად. აღნიშნული მიზეზების გამო დოლარის ლართან გაცვლითი კურსის ძველი პროგნოზი (1:2.65) ახალი, უფრო მყარი ლარის პროგნოზით (1:2.55) შეიცვალა.
დამატებით Galt & Taggart-ის მოხსენებაში საუბარია I კვარტალში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე, ტურიზმსა და საბანკო სექტორზე. აღსანიშნავია, რომ მარტში გაიზარდა როგორც ექსპორტი (32.9%-ით), ასევე იმპორტი (33.4%-ით).
რაც შეეხება ტურიზმს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ ქვეყანაში I კვარტალში 106%-ით მოიმატა, რაც დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი იყო. შესაბამისად, ტურისტული სექტორიდან შემოსავლებმა I კვარტალში $795 მილიონს მიაღწია, რაც 102%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მარტში სესხების პორტფელის წლიურად 13.8%-ით გაიზარდა. ამასთან, ძლიერი ლარის პირობებში დეპოზიტების დოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად, 53.5%-მდე შემცირდა. ასევე შემცირდა სესხების დოლარიზაციაც 44.3%-მდე.