LIVE

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა დატოვა

05 აგვ 202211:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა დატოვა
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

თურქეთში გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა უკრაინის პორტები დატოვა.

სტამბოლის ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა, რომელიც აერთიანებს რუს, უკრაინელ, თურქ და გაეროს პერსონალს, განაცხადა, რომ ორი გემი მიემგზავრება ჩორნომორსკიდან და ერთი ოდესიდან.

სამ გემზე დაახლოებით 58,000 ტონა სიმინდი დაიტვირთა. მათ უფლება მიეცათ, დაეტოვებინათ უკრაინის პორტები მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შეთანხმების ფარგლებში. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე განაცხადა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავ Navistar-ს 33 000 ტონა სიმინდი გადააქვს ოდესის პორტიდან ირლანდიაში. გემს სტამბოლის ჩრდილოეთით მდებარე ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შეამოწმებს.

მეორე გემი, მალტის დროშის ქვეშ მცურავი Rojen-ი, რომელსაც გადაჰქონდა 13000 ტონა სიმინდი, გაემგზავრა ჩორნომორსკის პორტიდან და ბრიტანეთისკენ მიემართება. 

შეთანხმების შემდეგ მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა უკრაინა 1-ელ აგვისტოს დატოვა.

უკრაინა მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია, მაგრამ მისი გადაზიდვები ომის დაწყების შემდეგ შემცირდა. ექსპორტის მთავარი გზა, პორტები, თვეების განმავლობაში ბლოკირებული იყო. ეს ზრდის სურსათის გლობალურ ფასებს და იწვევს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საკვების დეფიციტის შიშს.

კრემლის ინფორმაციით, დღეს, 5 აგვისტოს, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკების თემა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იქნება. შეხვედრა რუსეთის შავი ზღვის კურორტ სოჭში გაიმართება.