LIVE

უკრაინის პორტს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ტოვებს

01 აგვ 202210:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046
უკრაინის პორტს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ტოვებს
Ukrainian Ministry of Infrastructure

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინულ პორტს მარცვლეულით დატვირთული პირველი სატვირთო გემი Razoni ტოვებს. 

თურქეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გემმა ოდესის სამხრეთ პორტი უკვე დატოვა. მის გასვლამდე, თურქეთმა განაცხადა, რომ სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი ლიბანში განთავსდება. ასევე, ცნობილია, რომ უახლოეს კვირებში იგეგმება შემდგომი გადაზიდვები.  

შეთანხმების ფარგლებში შექმნილი სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის (JCC) განაცხადებით, გემს გადააქვს დაახლოებით 26,000 ტონა სიმინდი და თურქეთის წყლებში შესამოწმებლად 2 აგვისტოს უნდა შევიდეს.  

"დღეს უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მსოფლიოში შიმშილის თავიდან ასაცილებლად. პორტების განბლოკვა ეკონომიკას უცხოურ ვალუტაში მინიმუმ $1 მილიარდის შემოსავალს მოუტანს და სოფლის მეურნეობის სექტორს მომავალი წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს"- წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი Facebook-ზე. 

მისივე თქმით, ოდესის პორტის დასატოვებლად 16 გემი ემზადება. კუბრაკოვი ასევე წერს, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში მიაღწევს სრულ გამტარუნარიანობას სოფლის მეურნეობის საქონლის ტრანსპორტირებისთვის. 

გაეროს ინფორმაციით, "მსოფლიო სასურსათო პროგრამა" ასევე გეგმავს, პირველ ეტაპზე, 30,000 ტონა ხორბლის შეძენას და გაეროს მიერ დაქირავებული გემით უკრაინიდან გაგზავნას. ამბის შესახებ დეტალები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.  

რუსეთმა და უკრაინამ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი გასულ კვირას მოაწერეს. დოკუმენტს ხელს ასევე აწერენ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

შეთანხმების შედეგად გაიხსნება შავი ზღვის პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის. თურქეთი შეამოწმებს გემებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ ატარებენ იარაღს. შეთანხმებამ შეიძლება შეამსუბუქოს გლობალური სასურსათო კრიზისის შიში, თუმცა დიდი გაურკვევლობა რჩება მიმდინარე ბრძოლების გამო. 

შეთანხმების თანახმად, რუსეთი მიზანში არ ამოიღებს პორტებს, სანამ ტვირთი გადაზიდვის პროცესში იქნება, ხოლო უკრაინა დათანხმდა, რომ სატვირთო გემებს მისი საზღვაო ხომალდები გაუძღვებიან. 

შეთანხმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, რუსეთმა ოდესის პორტის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დარტყმა აჩვენებს, რომ მოსკოვის მიერ დადებული პირობა სანდო არ არის. 

გადაზიდვები ძირითადად სამი უკრაინული პორტიდან: ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და პივდენიდან უნდა შესრულდეს. 

უკრაინის პორტებში ომის დაწყებიდან 100-მდე გემი გაიჭედა, რომლითაც მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გადაჰქონდათ.  

უკრაინის მარცვლეულის ბლოკადამ გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი. გაძვირდა ხორბლის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა პური და მაკარონი, ასევე საკვები ზეთი და სასუქი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: უგურ ილმაზი და ალიაქსანდრ კუდრიცკი