სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.5% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- პური და პურპროდუქტები - 29.3%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 21.3%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 18.2%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18.1%;
- ზეთი და ცხიმი - 17.5%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 16.9%;
- თევზეული - 14.9%;
- ხილი და ყურძენი - 13.7%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 12.7%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%).
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების 8.3%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4%).
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ეროვნული ბანკი საქართველოში ინფლაციის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებსა და მიგრანტების მზარდ ნაკადს უკავშირებს, რამაც ქირა გააძვირა.
მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ხანგრძლივად იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.