LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

22 ივნ 202213:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 1018
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად, 190 900 მომხმარებელს სესხის პროცენტი არ შეეცვლება. პირველი მაისის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

ეროვნული ბანკი საქართველოში ინფლაციის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებსა და მიგრანტების მზარდ ნაკადს უკავშირებს, რამაც ქირა გააძვირა.

„რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც ჯამურ (0.6 პროცენტული პუნქტი), ასევე საბაზო (1.1 პროცენტული პუნქტი) ინფლაციაზე“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, შემცირების მიმართულება ექნება.

„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო“, - აცხადებენ სებ-ში

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 11 მაისის სხდომაზეც არ გაზარდა და უცვლელად 11%-ზე დატოვა

უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ელის, რომ წელს საქართველოში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება და საშუალო მაჩვენებელი 11%-ის ფარგლებში იქნება