LIVE

ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა - ზრდა 340%-ია

27 ივლ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1501
ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა - ზრდა 340%-ია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება და ივნისში ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია. შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 340%-ით მაღალი მაჩვენებელია.

მარტი-ივნისის ჯამური მონაცემებით საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლიურად 355%-ით, 299 094-მდე გაიზარდა. ამასთან, უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.

ივნისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში პირველ პოზიციაზეა, შემდეგ მოდის სომხეთი, თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა და ყაზახეთი.

საპირისპიროდ, ივნისში საქართველოში იმაზე ნაკლები უკრაინელი შემოვიდა ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, ივნისში საქართველოს საზღვარი უკრაინის 19 585-მა მოქალაქემ გადმოკვეთა და გასული წლის ივნისთან შედარებით საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. მარტი-ივნისის პერიოდში საქართველოში უკრაინის 77 001 მოქალაქე შემოვიდა, რაც წლიურად 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  

მიმდინარე წლის ივნისში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 371 471-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 67% უცხოელი იყო, 33% კი - ქართველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ივნისში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

შეგახსენებთ, PMC-ის 15 ივნისს გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, მარტსა და აპრილში, საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს, ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ.