LIVE

Apple-ი ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის ტექნოლოგიების მთავარი ძალაა

22 ივლ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 578
Apple-ი ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის ტექნოლოგიების მთავარი ძალაა

Apple-მა თითქმის 60-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მისი პროდუქტების ჯანმრთელობის მიმართულების ყველა მახასიათებელია განხილული. კომპანია ამტკიცებს, რომ ასეთი შეთავაზებები ტექნოლოგიების გიგანტის მომავალია.

კომპანიამ ასევე ხაზი გაუსვა არსებული სერვისების ფართო სპექტრს, ძილის მონიტორინგიდან და ფიტნესის კლასებიდან, არითმიის გამოვლენის მახასიათებლებამდე. Apple-მა პირობა დადო, რომ ამ საფუძვლებს განავითარებს.

ანგარიში პასუხია კომპანიის კრიტიკოსებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის სფეროში Apple-ი კონკურენტებს ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ Apple Watch-ი ბაზარზე დომინირებს, მოწყობილობა მომხმარებლებს ჯანმრთელობის ახალ მახასიათებლებს ისე სწრაფად ვერ სთავაზობს, რამდენადაც ამას მისი კონკურენტები აკეთებენ. სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, როგორიცაა Amazon.com-ი და Google, სამედიცინო სფეროში ამბიციური სვლები განახორციელეს, მაგრამ არაერთგვაროვანი შედეგებით.

Apple-ი ამტკიცებს, რომ ის ჯანდაცვის ტექნოლოგიების პიონერია და რომ მომავალი წლების განმავლობაში ეს კომპანიის ზრდის მამოძრავებელი იქნება. ფიტნეს ფუნქციები უკვე არის Apple Watch-ის მიმზიდველობის მთავარი წერტილი, მაგრამ წელს კომპანია ასევე გეგმავს დაამატოს ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ქალების ჯანმრთელობა და სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი. Apple-ი ასევე მუშაობს გლუკოზის და არტერიული წნევის მონიტორინგის ფუნქციებზე, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით გამოვიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია პირდაპირ არ ყიდის მისი პროდუქტების ჯანმრთელობის მახასიათებლებს, ამ მიმართულების გაუმჯობესება მომავალი მოწყობილობების გაყიდვებს დაეხმარება.

ანგარიშის თანახმად, iPhone-ი და Apple Watch-ი ამჟამად ფიტნესისა და ჯანმრთელობის ფუნქციების 17 მიმართულებას უჭერს მხარს. Apple-ის ჯანმრთელობის აპს კი 150-ზე მეტი სახის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემის შენახვა შეუძლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი