LIVE

ინვესტორების უმეტესობა ბიტკოინის $10,000-მდე ვარდნას ელის - MLIV

12 ივლ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 948
ინვესტორების უმეტესობა ბიტკოინის $10,000-მდე ვარდნას ელის - MLIV

Wall Street-ი ელის, რომ კრიპტოვალუტების ფასის ვარდნა კიდევ უფრო გაუარესდება.

MLIV Pulse-ის უახლეს გამოკითხვაში 950 ინვესტორიდან 60%-ის აზრით უფრო სავარაუდოა, რომ მონეტის ფასი $10,000-მდე დაეცემა, ვიდრე ის, რომ $30,000-მდე აიწევს. 

პროგნოზი ხაზს უსვამს ინვესტორების პესიმისტურ განწყობებს ბიტკოინთან დაკავშირებით, რადგან კრიპტო ინდუსტრია ბოლო დროს პრობლემურმა კრედიტორებმა, ციფრული ვალუტების კოლაფსმა და პანდემიური სტიმულის დასრულებამ შეარყია.

CoinGecko-ს მონაცემების მიხედვით, გასული წლის ბოლოდან კრიპტოვალუტების საბაზრო ღირებულებიდან დაახლოებით $2 ტრილიონი უკვე გაქრა. ამ დროისთვის ბიტკოინის ღირებულება $19,894-ია.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტებისგან საცალო ინვესტორები უფრო დისტანცირდებიან, ვიდრე მათი ინსტიტუციური კოლეგები. თითქმის მეოთხედი აცხადებს, რომ აქტივების ეს კლასი "ნაგავია". პროფესიონალი ინვესტორები უფრო გახსნილები არიან ციფრული აქტივების მიმართ.

თუმცა, მთლიანობაში სექტორი პოლარიზებული რჩება: მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 28%-მა მტკიცე რწმენა გამოხატა, რომ კრიპტოვალუტები ფინანსების მომავალია, 20%-მა თქვა, რომ ისინი უსარგებლოა.

შეგახსენებთ, ბიტკოინმა უკვე დაკარგა ღირებულების ორ მესამედზე მეტი მას შემდეგ, რაც ნოემბერში მისმა ღირებულებამ თითქმის $69,000-ს მიაღწია.

კრიპტოს ვარდნა, სავარაუდოდ, ზეწოლას გააძლიერებს მთავრობებზე, რათა ინდუსტრიის რეგულირება გაზარდონ. ასეთი ზედამხედველობა დადებითად განიხილება რესპონდენტთა უმრავლესობისთვის, რადგან ამან შესაძლოა გააუმჯობესოს ნდობა და გამოიწვიოს ციფრული აქტივების კლასის უფრო ფართო მიღება ინსტიტუციურ და საცალო ინვესტორებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკები ასევე განიხილავენ საკუთარი ციფრული ვალუტების შემუშავებას ციფრულ გადახდებში გამოსაყენებლად.

თუმცა, არც ბოლოდროინდელი ფასის ვარდნა და არც ცენტრალური ბანკების პოტენციური შესვლა სექტორში არ ხდის მოსალოდნელს, რომ ინდუსტრიის ორმა დომინანტმა მონეტამ, ბიტკოინმა და ეთერიუმმა, ლიდერობა დაკარგონ. გამოკითხულთა უმეტესობა ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი ამ მონეტებიდან ძირითადი მამოძრავებელი ძალა დარჩება მომავალი 5 წლის განმავლობაში. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა ელის, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული მონეტები ინდუსტრიაში ძირითად როლს შეითავსებენ.

უფრო ფართო კონსენსუსი შედგა ბაზრის ერთი ნაწილის შესახებ- შეუცვლელი ტოკენების, რომლებიც NFT-ის სახელით არიან ცნობილი. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მათ მხოლოდ ხელოვნების პროექტებად ან სტატუსის სიმბოლოებად განიხილავს. მათ ინვესტიციის შესაძლებლობად მხოლოდ 9% მიიჩნევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ნიკოლი