
იურიდიული კომპანია MKD, რომელიც Credit Suisse-თან გლობალურ დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი ხსენების გამო, ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს.
"2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.
ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც", - აღნიშნულია განცხადებაში.
MKD ბანკს ივანიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი თავად ისაუბრებს.
"სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს", - ნათქვამია განცხადებაში.
იურიდიული კომპანია MKD-ის განმარტებით, შვეიცარიული ბანკის ტრასტის მიერ ივანიშვილთან მიმართებით ვალდებულების შესრულების გაჭიანურება ქართულ შიდა პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.
"ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
იურიდიული კომპანია ასევე განმარტავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.
„ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
prnewswire.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილს ბანკისგან თანხის მიღების პრობლემა აპრილიდან აქვს.
2022 წლის 11 აპრილს ბენეფიციარებმა თანხის გაცემა მოითხოვეს. 13 აპრილს რწმუნებულმა გაცემის მიზანი ეჭვქვეშ დააყენა. 14 აპრილს საპასუხოდ მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციის მიუხედავად, რწმუნებულმა 20 აპრილს მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის დოკუმენტაცია და ინფორმაცია ხელმომწერების შესახებ. 5 მაისს რწმუნებულმა დაადასტურა, რომ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი იყო და ხელმოწერისთვის საჭირო დოკუმენტების პროექტები მომზადდა. თუმცა, 19 მაისს რწმუნებულმა პროცესი შეაყოვნა და მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც 13 აპრილს უკვე მოწოდებული იყო.
ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი. ბანკმა მილიარდერთან $600-მილიონიანი დავა წააგო.
მაისში ცნობილი გახდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ ტრასტს, Green Vals Trust-ს უჩივის და ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
შვეიცარიულმა ბანკმა "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში CS Victims-ის ბრალდებები უარყო. "Credit Suisse ემსახურება თავის კლიენტებს ყველა მოქმედ კანონისა და რეგულაციასთან დაცვით, შესაბამისი ორგანოების ნებისმიერი სანქციების ჩათვლით", - ნათქვამია CS-ის შეტყობინებაში.
თანხის მიღების გარდა, ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მილიარდერს აღნიშნულ პერიოდში სხვა დაბროკოლებებიც შეექმნა. კერძოდ, ადვოკატის განაცხადებით, ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის გადაადგილების დაბრკოლება შეხვდა, რაც, მისი თქმით, საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას საეჭვოდ დაემთხვა.