LIVE

უკრაინას აღდგენისთვის მხოლოდ წელს $65 მილიარდი სჭირდება

05 ივლ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
უკრაინას აღდგენისთვის მხოლოდ წელს $65 მილიარდი სჭირდება

უკრაინა აცხადებს, რომ მას წლის ბოლომდე $60-65 მილიარდი სჭირდება, რაც მილიარდობით აჭარბებს თანხის მოცულობას, რომელსაც მას მოკავშირეები ჰპირდებიან. 

ეს სწრაფი საჭიროების თანხა მოიცავს ე.წ. მაკრო-ფინანსური სტაბილურობის დახმარების პაკეტს გადაუდებელი საბიუჯეტო დაფინანსებისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის.

თანხა თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს არ მოიცავს. ის ქვეყნის გრძელვადიანი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილია. გეგმა, რომლის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი, სავარაუდოდ $750 მილიარდზე მეტს საჭიროებს. 

რეკონსტრუქციის გეგმა მოიცავს მომდევნო ათწლეულზე გაწერილ სამ ეტაპს და მიმდინარე წელს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღმშენებლობით იწყება. გეგმის ფარგლებში, აღდგება ომის დროს დანგრეული შენობები, სახლები და სხვა უძრავი ქონება. ამასთან, გაძლიერდება საჯარო სერვისები. ასევე, ინვესტირების გზით, დაეხმარება თანამედროვე უკრაინული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

როგორც აქამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავდა, უკრაინას სჭირდება თვეში, დაახლოებით, $5 მილიარდი თავისი საბაზისო სერვისების დასაფარად და ეკონომიკის შესანარჩუნებლად. მისივე გათვლებით, უკრაინის საბიუჯეტო დანაკლისი წელს $39 მილიარდს აღწევს.

უცნობია, როგორ მოახერხებენ უკრაინის მოკავშირეები ამ დანახარჯის დაფარვას მაშინ, როცა თავად მზარდ ინფლაციასთან უწევთ გამკლავება და რუსეთის მხრიდან ენერგო მარაგის შეზღუდვის საფრთხის წინაშე დგანან.

გასულ კვირაში ევროკავშირი უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის მოკლევადიან ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ასევე, გერმანია განაგრძობს 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების უზრუნველყოფას. ევროკავშირის დახმარება დაემატება კიევისთვის წლის დასაწყისში გაცემული 1.2 მილიარდი ევროს საკრედიტო ხაზს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ხორხე ვალერო და დარინა კრასნოლუცკა