TBC Capital-ი ელის, რომ ლარი გამყარდება და 1 დოლარის ღირებულება, დაახლოებით, 2.80 ლარი იქნება.
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის თანახმად, ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად, სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის ალბათობა იზრდება.
„ლარი დამატებით გამყარდება, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ, დაახლოებით 2.80-ის ნიშნულამდე, რის შემდეგაც, ჩვენი აზრით, სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.
ამასთან, სავალუტო აუქციონზე 24 მაისს განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად სავალუტო ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ისეთივე ნეგატიური რეაქცია ნაკლებ მოსალოდნელია“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში.
TBC Capital-ის თანახმად, საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გაძვირება საქართველოში უკვე დეპოზიტების განაკვეთებშიც შედარებით უფრო თვალსაჩინოა. ამასთან, TBC Capital-ი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ამ მხრივ გადაცემის ეფექტი მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.
TBC Capital-ი ელის, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მაღალი იქნება.
„მაისის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ვცვლით 2022 წლის მოლოდინს დაახლოებით 10%-დან, 10%-ზე უფრო მეტის მიმართულებით“, - აცხადებენ TBC Capital-ში.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 2.8593 ლარია.