LIVE

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის 163 637 მოქალაქე შემოვიდა, ზრდა 368%-ია

22 ივნ 202211:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 1314
ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის 163 637 მოქალაქე შემოვიდა, ზრდა 368%-ია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება. მარტი-მაისის ჯამური მონაცემებით, საქართველოში 163 637 რუსი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 368%-ია. უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ მაისში საქართველოს საზღვარი რუსეთის 69 772-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. წლიური ზრდა 401%-ია. ამ მონაცემებით რუსეთი პირველ პოზიციაზეა, შემდეგ მოდის თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა და აზერბაიჯანი.

შსს-ს მონაცემებით მარტი-მაისის პერიოდში საქართველოში უკრაინის 57 416 მოქალაქე შემოვიდა, რაც წლიურად 121%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მაისში, აპრილთან შედარებით საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა და 18 498 შეადგინა.

მიმდინარე წლის მაისში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 109 672-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 64% უცხოელი იყო, 36% კი - ქართველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მაისში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი. 

შეგახსენებთ, PMC-ის 15 ივნისს გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, მარტსა და აპრილში, საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ