LIVE

დეგნანი: მნიშვნელოვანია სანქციების თავიდან არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი

29 ივნ 202210:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
დეგნანი: მნიშვნელოვანია სანქციების თავიდან არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი
Blagonravova

შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ აუცილებელია “სანქციების თავიდან არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი”.

ელჩმა ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საელჩო საკითხს სწავლობს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მას და ზოგადად მსგავს აქტივობებს ყურადღებას ვაქცევთ. ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და სხვადასხვა უწყებებთან, იქნება ეს საბაჟო, შემოსავლების თუ სხვა სამსახური. ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების თავიდან არიდების ნებისმიერ მცდელობის მონიტორინგი”,- განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას შეუძლია რეფორმების სწრაფად განხორციელება, როცა შესაბამისი სურვილი აქვს.

"გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, როცა უნდა, სწრაფად კანონების მიღება, როგორც ვნახეთ, დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე, ახლახან ვნახეთ მოსმენების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღება. ასე რომ, მთავრობას ნამდვილად შეუძლია სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და არსებობს ამისთვის მზაობა", - განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში.

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოსთვის მომდევნო 6 თვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების დასაკმაყოფილებლად აქვს.

“ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდეგი 6 თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო. ვიცი, რომ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება”,- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა. გემმა ბათუმის პორტი 27 ივნისს დატოვა.