LIVE

სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის პორტს ტოვებს - შემოსავლების სამსახური

27 ივნ 202216:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1178
სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის პორტს ტოვებს - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.  

უწყების განმარტებით, გემს პორტში შესვლის უფლება იმიტომ მიეცა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი სანქცირებული არ იყო.

რაც შეეხება ტვირთს, შემოსავლების სამსახურის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების შემოწმებით დადგინდა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი იყო.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“,- აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

ცნობისთვის, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა. დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესვლა დაადასტურა და განაცხადა, რომ საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებასთან დაკავშირებით თანხმობა არ გაუციათ.