LIVE

რუს მილიარდერს ყოფილი ცოლისთვის შესაძლოა, $7 მილიარდზე მეტის გადახდა მოუწიოს

28 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
რუს მილიარდერს ყოფილი ცოლისთვის შესაძლოა, $7 მილიარდზე მეტის გადახდა მოუწიოს

რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადამიანს, ვლადიმერ პოტანინს შესაძლოა, ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის შემდეგ, ყოფილი ცოლისთვის ყველაზე დიდი თანხის გადახდა მოუწიოს. 

ნატალია პოტანინა ყოფილი ქმრისგან Norilsk Nickel-ში მისი წილის 50%-ს ითხოვს. თანხამ შესაძლოა, $7 მილიარდს გადააჭარბოს, რადგან ვლადიმერ პოტანინი კომპანიის ერთ მესამედს ფლობს.

პოტანინას განცხადებით, Norilsk-ის აქციების გარდა, ის მოემზადება 2014 წლიდან ყველა აქციის დივიდენდის 50%-ის მისაღებად. მისმა ყოფილმა ქმარმა ამ დროიდან დივიდენდებით დაახლოებით $6,6 მილიარდი დააგროვა. პოტანინას ასევე სურს, მიიღოს "შემოდგომის სახლის" სახელით ცნობილი უძრავი ქონების ნახევარი.

რუსეთში წარმოებული პროცესების შედეგად, პოტანინამ $40 მილიონი მიიღო, რაც ბრიტანელი მოსამართლეების თანახმად, მიიჩნევა "არასაკმარის კომპენსაციად" მილიარდერის სიმდიდრისა და მათი 31-წლიანი ქორწინების ხანგრძლივობის გათვალისწინებით. პოტანინი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოს მიმართავს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუს ოლიგარქებზე დაწესებული სანქციების ფარგლებში, პოტანინი სანქცირებულია კანადისა და ავსტრალიის მიერ, მაგრამ მას გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის შეზღუდვები არ შეხებია. შესაბამისად, პოტანინმა მოიპოვა ნებართვა, რომ საქმე გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. 

პოტანინების წყვილი 2014 წელს დაშორდა. 2016 წლიდან ნატალია პოტანინა ბრიტანეთის მოქალაქე გახდა. 

განქორწინებასთან დაკავშირებული საქმეების განსახილველად ლონდონის სასამართლოები პოპულარული ადგილია. მოსამართლეები, როგორც წესი, მხარს წყვილის აქტივების თანაბარ განაწილებას უჭერენ. 

61 წლის ვლადიმერ პოტანინი Norilsk Nickel-ის პრეზიდენტია და Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება $35.6 მილიარდს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ბრაუნინგი