LIVE

ბეზოსის ყოფილი ცოლი სიეტლელ მასწავლებელზე დაქორწინდა

08 მარ 202109:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 988
ბეზოსის ყოფილი ცოლი სიეტლელ მასწავლებელზე დაქორწინდა
The Giving Pledge

ამ მომენტისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, რომელიც ქმართან გაშორების შემდეგ თავადაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია, ახალი ოჯახი შექმნა.

მაკენზი სკოტი სიეტლელ მეცნიერების მასწავლებელზე დაქორწინდა. დენ ჯიუიტი, რომელიც კერძო სკოლის, Lakeside School-ის მასწავლებელია, პირობას დებს, რომ მეუღლეს გვერდში დაუდგება ქველმოქმედების მიზნით სიმდიდრის გაცემაში.

ქორწინების შესახებ, მან მოძრაობა Giving Pledge-ს ვებგვერდზე განაცხადა. ბილ და მელინდა გეითსების მიერ უორენ ბაფეტთან ერთად დაფუძნებული მოძრაობა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს ფილანტროპიის გარშემო აერთიანებს.

”ბედნიერი დამთხვევის წყალობით, დავქორწინდი ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ და კეთილ ადამიანზე, რომელსაც ვიცნობ და ვუერთდები მის ძალისხმევას, რომ გაიღოს უზარმაზარი ფინანსური დახმარება სხვების დასახმარებლად”, - დაწერა სკოტის ახალმა მეუღლემ ვებ-გვერდზე.

ჯიუიტი აღნიშნავს, რომ ის მთელი ცხოვრება პედაგოგი იყო და არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, დაეგროვებინა ქონება, რომელსაც შემდეგ გასცემდა. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 50 წლის მაკენზი სკოტი  53,5-მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში სიმდიდრით 22-ე ადგილს იკავებს.

2019 წელს ბეზოსთან განქორწინების შემდეგ, სკოტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქველმოქმედი გახდა. შარშან სკოტმა თითქმის 6 მილიარდი დოლარი გაიღო ქველმოქმედებისთვის, რაც რეკორდულად დიდი თანხაა. ეს თანხა მცირე საქველმოქმედო ორგანიზაციებს და ისეთ კოლეჯებს გადაეცათ, რომლებიც მილიარდერების კეთილგანწყობით არ სარგებლობენ.

Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის ამჟამინდელი მაჩვენებლებით, სკოტის ყოფილი მეუღლე, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 176,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ყოფილი ცოლის მიერ ახალი ოჯახის შექმნას ბეზოსი კომპანიის სპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოხარულია წყვილის ბედნიერების გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერინ მაკკლამი და იუეკი იანგი