LIVE

Ray-Ban-ის მფლობელი, მილიარდერი ლეონარდო დელ ვეკიო გარდაიცვალა

27 ივნ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 939
Ray-Ban-ის მფლობელი, მილიარდერი ლეონარდო დელ ვეკიო გარდაიცვალა
Gettty Images

ლეონარდო დელ ვეკიო, EssilorLuxottica-ს თავმჯდომარე და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი, დღეს დილით, მილანში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გაზეთი Corriere della Sera ავრცელებს. 

მილანის ბავშვთა სახლში გაზრდილმა ლეონარდო დელ ვეკიომ კარიერა დოლომიტის ალპებში მდებარე ოპტიკის პატარა სახელოსნოში დაიწყო და გარდაიცვალა როგორც სათვალეების უდავო მსოფლიო ლიდერი. 

მისი კომპანია EssilorLuxottica ფლობს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს, როგორიცაა Ray-Ban და Oakley. სათვალეების ფრანგულ-იტალიური გიგანტი EssilorLuxottica არის როგორც სათვალეების საცალო ვაჭრობის გლობალური ლიდერი, ასევე მაკორექტირებელი ლინზების უდიდესი მწარმოებელი. კომპანიას 180 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს, ოპერირებს მთელს მსოფლიოში ძვირადღირებული აქსესუარებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სექტორებში. 

იტალიელი ბიზნესმენი კომპანიის საკონტროლო წილს - 32%-ს ფლობდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, დელ ვეკიოს წმინდა ქონება 1 ივნისისთვის $25,7 მილიარდს შეადგენდა. გასული წლის აპრილში ის $32.7 მილიარდით იტალიის მე-2 უმდიდრესი ადამიანი იყო.

დელ ვეკიომ სათვალეების ჩარჩოების გაყიდვა Luxottica-ს ბრენდის სახელით 1967 წელს დაიწყო. 2018 წელს Luxottica და ფრანგულ ლინზების გიგანტი Essilor გაერთიანდა. 

EssilorLuxottica-ში საკონტროლო წილის გარდა, მისი Delfin ჰოლდინგი ასევე ფლობდა წილებს იტალიური ფინანსური კომპანიებში Mediobanca-ში, Assicurazioni Generali-სა და UniCredit-ში.

ბუნებით მორიდებული დელ ვეკიო ათწლეულების განმავლობაში ახერხებდა, რომ მედიის ყურადღება აერიდებინა. მას იშვიათად ჰქონდა ჟურნალისტებთან კონტაქტი. ამ წლის დასაწყისში ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, მაგნატს ჰკითხეს, როგორ ააშენა თავისი იმპერია.

"ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო ვიყო ყველაფერში, რასაც ვაკეთებ - სულ ესაა. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები" - თქვა მან. 

დელ ვეკიო სამჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს ექვსი შვილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომაზო ებჰარდტი