LIVE

საქართველოში შემოსული რუსების დიდ ნაწილს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია - PMC

15 ივნ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 963
საქართველოში შემოსული რუსების დიდ ნაწილს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია - PMC

PMC-ის მიმოხილვის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტსა და აპრილში, საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ.

„2022 წლის მარტისა და აპრილის განმავლობაში, რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების საქართველოში შემოსვლების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმავე პერიოდში ქვეყნიდან გასვლების მაჩვენებელ“, - აღნიშნულია მიმოხილვაში, სადაც ტურიზმის სექტორის შედეგებია გაანალიზებული.  

PMC-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი განსხვავებები შემოსვლებსა და გასვლებს შორის მიმდინარე წელს მხოლოდ მარტსა და აპრილში შეინიშნებოდა. ამ პერიოდში საქართველოში 93 900 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ქვეყანა კი 56 100-მა რუსმა დატოვა.  

2022 წლის მხოლოდ მაისის მონაცემები აჩვენებს, რომ, გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი წლიურად 228.5%-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი მონაცემები 50.3%-ითაა შემცირებული.

მაისში წლიურად 205.3%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, 2019 წლის მაისთან შედარებით კი 48.3%-ით შემცირდა.

წლიურად ასევე გაზრდილია საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. 2021 წლის მაისთან შედარებით, ზრდამ 173.9% შეადგინა.

2022 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით შემდეგი ქვეყნები გამოირჩეოდნენ:  

  • რუსეთი - 40 743 ვიზიტი;
  • თურქეთი - 38 329 ვიზიტი;
  • სომხეთი - 32 743 ვიზიტი.  

მკვლევარების განცხადებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაზრდილია 9.1%-ით. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ფასები 5.5%-ით შემცირდა.

2022 წლის მაისში სასტუმროების ფასებმა წლიურად 8.9%-ით მოიმატა. 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 13.5%-ითაა გაზრდილი.  

რაც შეეხება გამყვანი ტურიზმის 2022 წლის I კვარტლის დინამიკას, მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 274%-ით გაიზარდა. 

„ვიზიტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნები, პანდემიამდელი მონაცემების მსგავსი აღმოჩნდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (46%) აირჩია, რასაც მოსდევდა რუსეთი (12%), სომხეთი (12%) და ევროკავშირი (12%)“, - აღნიშნულია PMC-ის მიმოხილვაში.

2022 წლის I კვარტალში ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 285 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის I კვარტალთან შედარებით 14%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით ნაკლებია.