
Google Germany-სა და მისი მშობელი კომპანიის წინააღმდეგ გერმანიის ანტიმონოპოლიურმა მაკონტროლებელმა ორგანომ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება Google-ის მიერ რუკების პლატფორმის პოტენციურად უკანონო გამოყენებას, რაც სხვა აპლიკაციებში Google Map-ის მონაცემების გადატანის შეზღუდვას უკავშირდება.
კარტელის ფედერალური ოფისის განცხადებით, ოფიციალურ გამოძიებას წინ უძღოდა შეფასება, რომლის მიხედვითაც ამერიკული გიგანტი ხელს უშლის ალტერნატიული რუკების პროვაიდერების მუშაობას, როდესაც აპლიკაციების შემქმნელები და სხვა ბიზნესები რუკების თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებას ცდილობენ. მარეგულირებელი ასევე გადახედავს Google-ის საავტომობილო სერვისის პირობებს.
Google Maps Platform მომხმარებლებს სთავაზობს რამდენიმე სერვისზე წვდომას. მათ შორის, რუკების ჩაშენებას მესამე მხარის ვებსაიტებში, მაგალითად, მაღაზიების ან სასტუმროების მდებარეობის ჩვენებას. წინასწარი შეფასებით, კომპანია განსაკუთრებით ზღუდავს Google-ის რუკების სერვისების მესამე მხარის რუკებთან გაერთიანების შესაძლებლობას. ამ პრაქტიკამ შეიძლება ხელი შეუშალოს კონკურენციას რუკების მომსახურების სფეროში.
"ის ფაქტი, რომ Google ავტომობილების საინფორმაციო-გასართობ სისტემებში თავისი სერვისების გამოყენებისას ძალიან მკაცრ წესებს მიმართავს, კონკურენციას კიდევ უფრო ზღუდავს",- ნათქვამია განცხადებაში.
ეს არის მესამე გამოძიება, რომელიც გერმანიის მარეგულირებელმა დიდი ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Google-ის, წინააღმდეგ დაიწყო. ოფიციალური პირები უკვე ყურადღებით ამოწმებენ კომპანიის News Showcase სერვისს და მისი მეშვეობით მონაცემთა გამოყენებას.
Google-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის თანამშრომლობს მარეგულირებლებთან და უპასუხებს მათ ნებისმიერ შეკითხვას. მისი თქმით, კონკურენტი რუკების სერვისებს სხვადასხვა მიზეზით ბევრი მომხმარებელი ირჩევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარინ მატუსეკი