LIVE

რუსეთი ევროპას გაზს ისევ შეფერხებით აწვდის - ქვეყნები ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ

21 ივნ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 768
რუსეთი ევროპას გაზს ისევ შეფერხებით აწვდის - ქვეყნები ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ
Bloomberg

რუსეთიდან ევროპისკენ გაზის ნაკადები კვლავ შეფერხებით მიედინება. ამ ფონზე ევროპაში გაზის ფასი იზრდება, ქვეყნები კი ენერგიის მისაღებად ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ და მომხმარებლებს რესურსის დაზოგვისკენ მოუწოდებენ. 

დღეს ფიუჩერსების ფასებმა 6,7%-ით მოიმატა. გაძვირდა ელექტროენერგიაც. 

გერმანიამ, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობა აღადგინეს. 

გერმანიაში ძირითადი ინდუსტრიები მზად არიან შეამცირონ მოხმარება, რათა ქვეყანამ აირის ზამთრისთვის შენახვა შეძლოს.  

რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება საფრთხეს უქმნის ევროპის ეკონომიკას მაშინ, როცა ქვეყნები მაღალ ინფლაციას და მცირე ეკონომიკურ ზრდას უჩივიან. 

Uniper-მა, გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესმა მყიდველმა, განაცხადა, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა საკუთარი კლიენტებისთვის გაზის მიწოდება გაუჭირდეს. დანიამ დეფიციტის შესახებ "ადრეული გაფრთხილება" გაავრცელა.

"მომხმარებლებთან გაფორმებულ კონტრაქტებს ახლა ვასრულებთ, მაგრამ რამდენად შეგვიძლია ასე გავაგრძელოთ, არ ვიცი. ჩვენთვის ეს ისტორიული მომენტია. არასდროს გვინახავს რუსეთიდან გაზის ნაკადების ასეთი ხანგრძლივი შეფერხება",- თქვა Uniper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა. 

ფრანგული Engie აცხადებს, რომ მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პრობლემა არ აქვს, რადგან კომპანიამ ალტერნატიული მიმწოდებლების ძიება აქტიურად დაიწყო. ენერგეტიკული კომპანია მათ შორისაა, რომლებსაც გასულ კვირას რუსული გაზის მიწოდება შეეზღუდა. 

ევროპის უდიდესი მილსადენის, Nord Stream-ის მეშვეობით, ევროპა ბუნებრივი აირის მაქსიმალური შესაძლებლობის დაახლოებით 40%-ს იღებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, უცხოური ტურბინების შეკეთებამ გამოიწვია. მილსადენი, შეკეთების მიზნით, ასევე დაიხურება მომდევნო თვეს, 10 დღის განმავლობაში. 

ევროპული გაზის მარაგები დაახლოებით 55%-ით არის სავსე. მისი შევსება ამ დროისთვისაც გრძელდება, მაგრამ მიწოდების შეფერხების ფონზე, 1 ნოემბრისთვის შევსებული იქნება საჭირო მარაგის 80%, რაც, ING Groep ბანკის განცხადებით, "შემაშფოთებელი იქნება". 

"თუ შემცირებული ნაკადები შენარჩუნდება, მიზნის მიღწევა შეიძლება გართულდეს", - აცხადებენ ბანკში.

14 ივნისს Gazprom-მა განაცხადა, რომ ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ნაკადს 40%-ით ამცირებს. რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება.

ჰოლანდიის გაზის ფიუჩერსები დღეს 3,4%-ით გაიზარდა და მეგავატ საათზე 124,75 ევროს მიაღწია.

ევროპის ენერგეტიკულ ბირჟაზე გერმანიის ელექტროენერგიის ფასი 4,7%-ით, მეგავატ საათზე 269 ევრომდე გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა შირიაევსკაია