LIVE

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობს

20 ივნ 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობს

რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტროლი კვლავ გაამკაცრა. ქვეყანამ უარყო უკრაინის შეთავაზება სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ, რომელიც გერმანიისთვის შემცირებული ნაკადების კომპენსაციას მოახდენდა.

რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის მილსადენით მიწოდება მაქსიმალური შესაძლებლობის 40%-მდე შეამცირა.

მიწოდების შემცირებამ გაზის ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, რომლებიც გაზრდილ ინფლაციას ებრძვიან, ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა. გერმანიამ რუსეთის მხრიდან მიწოდების შემცირებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. თუმცა, Gazprom-ის ვერსიით, მიწოდების შემცირება ტექნიკური პრობლემების გამო მოხდა.

გაზის მიწოდება შესაძლოა, შემდეგი თვისთვის კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან დაგეგმილია Nord Stream-ის მილსადენის რამდენიმე დღით შეჩერება ყოველწლიური სამუშაოების გამო. უკრაინამ რამდენჯერმე მოუწოდა Gazprom-ს, ევროპისთვის გაზის მიწოდება Sudzha-ს საზღვრისპირა პუნქტით გაეზარდა. რუსულ კომპანიას კვლავ შეუძლია Sudzha-ს მეშვეობით დამატებითი სივრცის დაჯავშნა, რაც მას მიმდინარე თვეში არ გამოუყენებია.

კომპანიას Sudzha-ს გავლით დღეში 77,2 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება შეუძლია, მაგრამ ის ნაკადს დაახლოებით 42 მილიონ კუბურ მეტრზე ინარჩუნებს. სატრანზიტო სისტემის გავლით გაგზავნილ დამატებით მოცულობებს შეუძლია Nord Stream-ის მიერ შემცირებული სიმძლავრის ნახევარი ჩაანაცვლოს, რაც დღეში დაახლოებით 100 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენა მაზნევა