მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" სტრუქტურული ოპტიმიზაციისა და რებრენდინგის საკითხებზე მუშაობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ აქციონერის როლში იქნება, სამეთვალყურეო საბჭო კი, მთავრობის წევრების ნაცვლად, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება.
„ცვლილებები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს, ფონდს მისცემს მეტ მოქნილობას განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შერჩევისა და შეფასებისას, გააუმჯობესებს ზოგადად ფონდის მმართველობის სისტემას, უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას.
"საპარტნიორო ფონდის" რებრენდინგი და მოდერნიზაცია კორპორაციული მართვის სტრუქტურის რეფორმირებით ხელს შეუწყობს უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას კონკრეტულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებში“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შედგა საკითხების მორიგი განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა უკვე წლებია განიხილავს "საპარტნიორო ფონდის" მანდატის ცვლილებას, თუმცა პროცესი დროში ჭიანურდება და უკვე წლებია უფლებაშეზღუდული ფონდი სახელმწიფოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერების დამსაქმებლად რჩება. მხოლოდ ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ანაზღაურება თვეში 17 000 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი დანიშნულებაა ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით. "საპარტნიორო ფონდი" ფლობს ორი სახელმწიფო კომპანიის, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100%-იან წილს. ფონდმა 2020 წელი 196 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) წლებია მიუთითებს, რომ საპარტნიორო ფონდი ვერ პასუხობს კომერციულ მიზნებს და ბიუჯეტისთვის ფისკალურ რისკს წარმოადგენს.