LIVE

უკრაინას IMF-ისგან ახალი სესხების მიღება სურს

10 ივნ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 870
უკრაინას IMF-ისგან ახალი სესხების მიღება სურს

უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერხი მარჩენკოს თქმით, ომში მყოფ ქვეყანას ახლა ახალი საკრედიტო პროგრამა სჭირდება, რადგან რუსეთის აგრესიის გამო, ბიუჯეტითა და საერთაშორისო რეზერვებით განსაზღვრული შესაძლებლობები იწურება. 

მარჩენკო ამბობს, რომ კიევს "საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან" (IMF) მეტი ფინანსები სჭირდება და მიმდინარეობს წინასწარი დისკუსიები დახმარების ახალ პაკეტზე. 

მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა ცენტრალური ბანკის მმართველის კირილო შევჩენკოს მიმართვა. მან ორგანიზაციას ახალი გარიგების დადებისკენ გასულ კვირას მოუწოდა.

"ახალი პროგრამის დასაწყებად ვაწარმოებთ წინასწარ მოლაპარაკებას სავალუტო ფონდის გუნდთან, რადგან ეს ნამდვილად გვჭირდება. ახლა ვწყვეტთ, რა შეიძლება დაედოს მას საფუძვლად, რადგან ჩვენთვის და სავალუტო ფონდის გუნდისთვის ძალიან რთულია წლის ბოლოსთვის მომზადდეს დახვეწილი მაკროფინანსური სტრუქტურა, მაკროფინანსური პროგნოზი", - თქვა მარჩენკომ Bloomberg-თან ინტერვიუში. 

უკრაინამ მიმდინარე წელს ფონდისგან, საგანგებო დაფინანსების სახით, $1,4 მილიარდი უკვე მიიღო.

მას შემდეგ, რაც "ომის ობლიგაციებმა" გასულ კვირას აუქციონზე ყველაზე ნაკლები ინტერესი დაიმსახურა, მარჩენკომ თქვა, რომ ბიუჯეტის შესავსებად მთავრობა დაფინანსების ორ წყაროს განიხილავს. ესენია: საერთაშორისო დახმარება და სახელმწიფო ბანკების დახმარება. მისივე თქმით, კიევი ივნისში დასავლელი პარტნიორებისგან $4,8 მილიარდს მიიღებს, რაც სამჯერ მეტია წინა თვესთან შედარებით, მაგრამ მაინც ნაკლებია ყოველთვიურად საჭირო $5 მილიარდზე.

მთავრობა ცდილობს, რომ წლის ბოლომდე პარტნიორებისგან $20 მილიარდი შეაგროვოს. მინისტრი ასევე ადასტურებს, რომ უკრაინა სუვერენული ვალის მომსახურებას გააგრძელებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვოლოდიმირ ვერბიანი, ქეროლაინ ჰეპკერი და სტივენ კეროლი