LIVE

Tesla დაქირავებას აჩერებს - მასკი პერსონალის 10%-ით შემცირებაზე საუბრობს

03 ივნ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
Tesla დაქირავებას აჩერებს - მასკი პერსონალის 10%-ით შემცირებაზე საუბრობს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, ელექტრომობილების მწარმოებელმა პერსონალი დაახლოებით 10%-ით  უნდა შეამციროს. Reuters-ის ინფორმაციით, მასკმა აღნიშნა, რომ აქვს “ძალიან ცუდი განცდა” ეკონომიკის მიმართ.

Reuter-ის მიერ მოპოვებული შიდა მიმოწერის თანახმად, მოხსენება სახელწოდებით “შეაჩერე დაქირავება მთელ მსოფლიოში”, Tesla-ს აღმასრულებლებს გაეგზავნათ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, მილიარდერმა თანამშრომლებს მოუწოდა, დაბრუნდნენ ოფისში და “კვირაში სულ მცირე 40 საათი ოფისში გაატარონ”.

Tesla-ს, რომელსაც აქვს ელექტრომობილების ქარხნები აშშ-ში, ჩინეთსა და ბერლინში, დაახლოებით 99 290 თანამშრომელი ჰყავს. სამუშაო ადგილების 10%-ით შემცირება შეიძლება ნიშნავდეს 10 000-მდე ადამიანის გათავისუფლებას. 

კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში სამუშაო ადგილები 7%-ით, 3 000-ზე მეტით შეამცირა და განაცხადა, რომ “გზა ძალიან რთულია” იმისათვის, რომ ელექტრომანქანები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ფართო მასებისთვის.

გასულ წელს, ელექტრომობილების მწარმოებელმა რეკორდული რაოდენობის, 930 422 მანქანა გამოუშვა იმის მიუხედავად, რომ ჩიპების დეფიციტი 12 თვეზე მეტია გრძელდება და მიწოდების ჯაჭვები შეფერხებულია.

ჩინეთში, Tesla-ს სიდიდით მეორე ბაზარზე აშშ-ის შემდეგ, კომპანიის შანხაის ქარხანა აპრილში სამი კვირის განმავლობაში დაიხურა. ის, როგორც წესი, დღეში დაახლოებით 2 100 მანქანას უშვებს.

აშშ-ს ეკონომიკური ზრდა ბოლო კვირებში შენელდა. იზრდება რეფინანსირების განაკვეთები და ინფლაცია. იმავდროულად, ჩინეთში, Covid შეზღუდვების ფონზე, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. ამ გეგმის ნაწილი მოიცავს მომხმარებელთა წახალისებას, შეიძინონ მეტი მანქანა. გასულ თვეში ხელისუფლებამ სამგზავრო მანქანებისთვის გაყიდვების გადასახადი შეამცირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტინა ნიკოლასი