LIVE

აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა

05 მაი 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1212
აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა 2000 წლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მეტად გაზარდა. ბანკმა მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა მომდევნო რამდენიმე შეხვედრის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც ინფლაციასთან საბრძოლველად ათწლეულების განმავლობაში ყველაზე აგრესიული პოლიტიკაა.

ოთხშაბათს აშშ-ის ცენტრალური ბანკის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საორიენტაციო განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდას.

ცენტრალური ბანკის ძირითადი განაკვეთი ზრდის შემდეგ 0.75%-დან 1%-მდე დიაპაზონში გადავიდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბანკმა ასევე განაცხადა მისი $9 ტრილიონიანი ბალანსის შემცირების გეგმების შესახებ, რისი მიზანიც ასევე სწრაფად მზარდ ფასებთან გამკლავებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბანკს სურს გაყიდოს სამთავრობო ობლიგაციები და სხვა აქტივები.

ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ამერიკელებს არწმუნებს, რომ პოლიტიკის შემქმნელები მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებენ, რაც საჭიროა. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ ნაბიჯი შესაძლოა გარკვეულწილად მტკივნეული აღმოჩნდეს, რადგან ცენტრალურმა ბანკმა ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკის ყველაზე ძლიერი გამკაცრება გადაწყვიტა.

ბანკის იმედი ამჯერად არის ის, რომ სესხის აღების ხარჯების ზრდა და ამავდროულად ბალანსის შემცირება ე.წ. "რბილი დაშვების" შესაძლებლობას მისცემს, რაც ეკონომიკის დაზიანების გარეშე ფესების შემცირებას გულისხმობს. თუმცა, პაუელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა ეკონომიკური ზრდის დაზიანების გარეშე ვერ მოხერხდეს.

ბევრმა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ ცენტრალური ბანკი ეგრეთ წოდებული "რბილი დაშვების" ორგანიზებას ეკონომიკური ზიანის გარეშე ვერ შეძლებს. ფინანსური მრჩევლები ამბობენ, რომ რეცესიისთვის მოსამზადებლად კარგი დროა.

რეცესიის მოლოდინი მომხმარებლებში სამუშაო ადგილების დაკარგვის, საფონდო ბირჟების ვარდნისა და ეკონომიკურად რთული მდგომარეობის შიშს იწვევს. ნეგატიური მოლოდინების ნაწილი ნაწილი 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან ნელი, ხანგრძლივი გამოსვლის გამოცდილებიდან მომდინარეობს, რომელსაც "დიდი რეცესია" ეწოდა.

აშშ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და მისი კოლეგები ასევე მზარდი კრიტიკის სამიზნეები აღმოჩნდნენ ინფლაციაზე ზედმეტად ნელი რეაგირების გამო, რომელმაც მარტში 40-წლიან მაქსიმუმს, 8.5%-ს მიაღწია. პაუელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მონაცემების ცვლილების გამო ცენტრალური ბანკის პოლიტიკა ადაპტაციას განიცდიდა და რომ მომავალშიც ასევე გააგრძელებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატარინა სარაივა