LIVE

დავოსში ოთხდღიანი სამუშაო კვირის სარგებელს განიხილავენ

26 მაი 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 732
დავოსში ოთხდღიანი სამუშაო კვირის სარგებელს განიხილავენ

მსოფლიოს ყველაზე დიდი ვორქაჰოლიკებიც კი განიხილავენ, რომ შესაძლოა, სამსახურში ნაკლები სამუშაო დრო უფრო ეფექტური იყოს. 

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელზე ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, თუ როგორ შეუძლია მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ხელი შეუწყოს ნიჭიერი თანამშრომლების შენარჩუნებას და პროდუქტიულობის გაზრდას.

სპეციალისტების თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ინიციატივა მნიშვნელოვანი ტესტი იყო. ქვეყნის განვითარებისა და მომავლის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში მოკლე სამუშაო კვირა შემოიღო, დასაქმებულთა დაახლოებით 70%-მა განაცხადა, რომ უფრო ეფექტურად მუშაობდა, სამსახურში გამოუცხადებლობის მაჩვენებელი კი 55%-ით შემცირდა.  

მინისტრის თქმით, ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით, მათ შორის, პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო მიიღო, თუმცა მას დადებითი ეკონომიკური ეფექტიც აქვს. მისი შეფასებით, ხანგრძლივი ვიქენდის შემთხვევაში, დასაქმებულები უფრო მეტს ხარჯავენ. 

"მოქნილობა, რომელიც ადამიანებს ყველაზე მეტად სურთ, არ ნიშნავს სამუშაო ადგილის არჩევანს, არამედ იმას, თუ როდის და რამდენს იმუშავებენ", - ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგი ადამ გრანტი.

ისლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები ინარჩუნებენ პროდუქტიულობას მაშინაც კი, როცა ნაკლებ საათს მუშაობენ. საფრანგეთში 35-საათიანი სამუშაო კვირა თითქმის ოცი წლის წინ დაინერგა.

რამდენიმე თვის წინ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა ქართული კომპანია "ტენე". მისი დამფუძნებლის განცხადებით, სამუშაო დღეების შემცირებამ კომპანიის შედეგები გაუმჯობესდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნატალია დროზდიაკი