LIVE

Chelsea-ის ახალი მფლობელი ჰყავს - აბრამოვიჩის ერა დასრულდა

25 მაი 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
Chelsea-ის ახალი მფლობელი ჰყავს - აბრამოვიჩის ერა დასრულდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის ამერიკელ ინვესტორზე, ტოდ ბოელიზე გაყიდვას დასთანხმდა, რითაც რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის 20-წლიანი მფლობელობის ერა სრულდება.

4,25 მილიარდ ფუნტიანი ($5,2 მლრდ) გარიგების შედეგად, კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი ხდება. მისი შეთავაზება მოიცავს 2,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების აქციების შესყიდვას და 1,75 მილიარდი ფუნტის შემდგომ ინვესტირებას კლუბის განსავითარებლად.

კლუბის გაყიდვის პროცესი სანქციების დაცვის აუცილებლობამ გაართულა. 

"ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდვიდან მიღებული თანხა სარგებელს არ მოუტანს რომან აბრამოვიჩს ან სხვა სანქცირებულ პირს. ამჟამად ვიწყებთ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კლუბის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მოხმარდეს უკრაინაში, ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად ჰუმანიტარული მიზნებს", - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები "ჩელსის" გარშემო უკრაინში ომის დაწყების შემდეგ:

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 26 თებერვალს, რომან აბრამოვიჩმა კლუბი სამართავად საქველმოქმედო ფონდს გადასცა;
  • 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ კლუბი იყიდება;
  • 10 მარტს გაერთიანებულმა სამეფომ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა;
  • 7 მაისს ტოდ ბოელი დათანხმდა კლუბის 4,25 მილიარდ ფუნტად შესყიდვას;
  • გარიგება გუშინ პრემიერ ლიგამ დაადასტურა, რასაც დღეს ბრიტანეთის მთავრობის დასტური მოჰყვა. 

გასული ორი თვის განმავლობაში, კლუბის შეძენის სურვილი არაერთმა მილიარდერმა გამოთქვა. მათ შორის იყო ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რედკლიფი, რომელმაც განაცხადი დაგვიანებით გააკეთა

ჩელსის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვა იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან, პრემიერ ლიგაში მოასპარეზე 20 გუნდის ნახევარზე მეტი შეერთებული შტატების ფულით იქნება მხარდაჭერილი. "დიდი ექვსეულიდან" ოთხი კი - არსენალი, ჩელსი, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი - მთლიანად ამერიკელების საკუთრებაშია.  

ბოელი Guggenheim Partners-ის ყოფილი პრეზიდენტი და Major League Baseball-ის Los Angeles Dodgers-ის თანამფლობელია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კიტი დონალდსონი და დევიდ ჰელიერი