LIVE

მასკმა $200 მილიარდიანი კლუბი კიდევ ერთხელ დატოვა

25 მაი 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
მასკმა $200 მილიარდიანი კლუბი კიდევ ერთხელ დატოვა

ილონ მასკმა $200 მილიარდიანი კლუბი კიდევ ერთხელ დატოვა.

Tesla-ს აქციების 7%-იანი ვარდნის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება სამშაბათს 5.4%-ით $192.7 მილიარდამდე შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მასკის სიმდიდრე ყველაზე დაბალია 26 აგვისტოს შემდეგ, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, Tesla-ს თანადამფუძნებელი მაინც ყველაზე მდიდარ ადამიანად რჩება. Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მეორე ადგილზეა $127.8 მილიარდით.

50 წლის მასკი $200 მილიარდიან ზღვარს ბოლოს მარტში ჩამოსცდა. თუმცა, ბაზრების აღდგენის შემდეგ მისი ქონება 4 აპრილს $288 მილიარდამდე გაიზარდა.

ამავე დღეს, მასკმა გაამჟღავნა, რომ Twitter-ის 9%-იანი წილი შეიძინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი შესყიდვის შეთავაზება გააკეთა, თუმცა შეთანხმების გარშემო ეჭვები იზრდება, განსაკუთრებით საფონდო ბაზრის ვარდნის ფონზე, რაც კომპანიების ღირებულებას კიდევ უფრო მეტად ამცირებს.

მასკმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ გარიგება შეჩერდებოდა, ვიდრე Twitter არ წარმოადგენდა პლატფორმაზე ბოტების ანგარიშების რაოდენობის შესახებ მტკიცებულებებს. Twitter-ი ამტკიცებს, რომ შესყიდვის გარიგება წინ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი