LIVE

მასკმა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ 1 დღეში $12.3 მილიარდი დაკარგა

19 მაი 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 788
მასკმა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ 1 დღეში $12.3 მილიარდი დაკარგა

ილონ მასკმა ოთხშაბათს პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ყოფილი დემოკრატი ამბობს, რომ ახლა რესპუბლიკელებს მისცემს ხმას.

პარალელურად, Tesla-ს აქციები წელს ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა და მისი დირექტორის ქონებიდან $12.3 მილიარდი გააქრო. კლება განიცადა Twitter-ის აქციებმაც. გასულ თვეში სოციალური მედიის შესყიდვის სურვილის გამოცხადების შემდეგ, მასკმა ჯამში $49 მილიარდი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივ ეს ბაზრის უფრო ფართო ვარდნამ გამოიწვია, ამასთან ინვესტორებს გაუჩნდათ კითხვები, შეძლებდა თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სოციალური მედიის გიგანტის გადასაბარებლად საჭირო დაფინანსების შეგროვებას.

50 წლის მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება და Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება ამჟამად $209.9 მილიარდს შეადგენს. მან მიმდინარე წელს $60.4 მილიარდი დაკარგა, რასაც მხოლოდ Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩენგპენგ ჟაო აჭარბებს $81 მილიარდიანი დანაკარგით. რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, მისი ქონება მიმდინარე წელს $62 მილიარდით შემცირდა.

მასკი სოციალური მედიის შესყიდვის $44 მილიარდიანი შეთავაზების შემდეგ Twitter-ზე კიდევ უფრო აქტიური გახდა. Tesla-ს დირექტორმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლიტიკური შეტევები მის წინააღმდეგ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. მან ასევე დასძინა, რომ ადრე დემოკრატებს მხარს იმიტომ უჭერდა, რომ "სიკეთის პარტია" იყო, თუმცა ახლა აზრი შეიცვალა.

"ის დაყოფისა და სიძულვილის პარტია გახდა, ამიტომ მე მათ მხარს ვეღარ დავუჭერ და რესპუბლიკელებს მივცემ ხმას",- განაცხადა მასკმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან ჩაპატა