LIVE

მარაგი საკმარისზე მეტია, თუმცა ფქვილის და არა ხორბლის სახით - სამინისტრო

13 მაი 202219:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 689
მარაგი საკმარისზე მეტია, თუმცა ფქვილის და არა ხორბლის სახით - სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

უწყება ადასტურებს, რომ ხორბლის მარაგები შემცირებულია, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულ გეგმაზე, როგორ აპირებს საკითხის გადაჭრას. ამასთან, სამინისტრო იმედოვნებს, რომ ხორბალი გაიაფდება და აღნიშნავს, რომ მთავრობა ივლისი-აგვისტოს პერიოდში შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს.

ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.

დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას მიერ "ბიზნეს ფორმულასთან" გაკეთებულ კომენტარს მოყვა. 

როგორც სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი და ამ ფონზე წისქვილები გაჩერებულია. ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ.