LIVE

წისქვილები გაჩერებულია - სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

13 მაი 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1803

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია.

როგორც სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა.

„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“,- აცხადებს სილაგავა.

მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ.

„თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა.

რაც შეეხება არსებული ვითარების გავლენას პურის ფასზე, როგორც "ბიზნეს ფორმულას" საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თუ ფქვილის ფასი შენარჩუნდება, პური არ გაძვირდება.

აღსანიშნავია, რომ აპრილში პური და პურპროდუქტების წლიურ ჭრილში 28.8%-ით გაძვირდა.

ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება, რამდენადაც რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო ჩარჩენილი.

ამასთან, რუსეთის მხრიდან ხორბალზე საბაჟო მოსაკრებლის გაზრდამ ხორბლის იმპორტი გააძვირა და შედეგად, ქართველი იმპორტიორები ძირითადად რუსული ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ.