LIVE

მომდევნო წელს სიღარიბეში მცხოვრები ბრიტანელების რიცხვი 1 მილიონამდე გაიზრდება - NIESR

15 მაი 202216:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
მომდევნო წელს სიღარიბეში მცხოვრები ბრიტანელების რიცხვი 1 მილიონამდე გაიზრდება - NIESR

თუ მთავრობა გადაუდებელ ზომებს არ მიიღებს, სიღარიბეში მცხოვრები ბრიტანელების რიცხვი შესაძლოა, მომდევნო წელს 1 მილიონამდე გაიზარდოს.

NIESR-ის შეფასებით, დახმარების გარეშე უკიდურეს სიღარიბეში დამატებით 250,000 ოჯახი აღმოჩნდება. წამყვანი ანალიტიკური ცენტრი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა რეცესია დაიწყოს.

კრიზისის შესამსუბუქებლად, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ £4.2 მილიარდიანი დახმარების პაკეტი უნდა უზრუნველყოს, რაც ყველაზე მეტად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შოკს განიცდის განვითარებულ ეკონომიკებს შორის. კრიზისი საქონლისა და ენერგიის მზარდი ფასებით არის გამოწვეული, რაც უკრაინაში ომსა და შრომის ბაზრის შემჭიდროებას მოჰყვა. NIESR-ის პროგნოზით, საცალო ფასების ინდექსით (RPI) გამოთვლილი ინფლაცია მიმდინარე წლის ბოლოს 14.4%-ს მიაღწევს, რაც ყველაზე მაღალი დონე იქნება 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, დარტყმა მესამე კვარტალში ეკონომიკის 0,2%-ით შემცირებას გამოიწვევს, ხოლო მეოთხე კვარტალში ეკონომიკა 0.4%-ით შემცირდება. უკრაინაში ომი და პანდემია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას მუდმივად 5%-ით შემცირებულს დატოვებს.

ხაზინამ შინამეურნეობების დასახმარებლად £22 მილიარდი გამოყო, საიდანაც დიდი ნაწილი სამუშაო ძალაში ჩართულ ოჯახებზე გადანაწილდა. ჯონსონმა სამშაბათს მიანიშნა, რომ დამატებითი ზომები კიდევ იქნება მიღებული.

NIESR-ი ელის, რომ რეფინანსირების განაკვეთი მომავალ წელს 2.5%-ს მიაღწევს და ამ დონეზე დარჩება. მისი პროგნოზით, ინფლაცია ბოლო კვარტალში 8.3%-იან პიკს მიაღწევს, ხოლო ეკონომიკა მიმდინარე წელს 3.5%-ით გაიზრდება, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირებულია მის წინა პროგნოზთან შედარებით, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

NIESR-მა ასევე შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა. უკრაინაში ომი მშპ-ს 1 პროცენტული პუნქტით შეამცირებს, რაც გლობალური წარმოებაში დაახლოებით $1.5 ტრილიონს უდრის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფილიპ ალდრიკი