LIVE

Covid-19-მა მსოფლიოში ყოველი 500 ადამიანიდან 1 იმსხვერპლა - WHO

05 მაი 202222:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1008
Covid-19-მა მსოფლიოში ყოველი 500 ადამიანიდან 1 იმსხვერპლა - WHO
Bryan R. Smith/AFP/Getty Images

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) უახლესი მონაცემებით, Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვი პანდემიის პირველ ორ წელში, დაახლოებით 14.9 მილიონამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველი 500 ადამიანიდან ერთი ვირუსმა იმსხვერპლა. 

დაღუპულთა 57%-ს მამაკაცები შეადგენდნენ და უმეტესობა 60 წელს გადაცილებული ადამიანი იყო.

WHO-ს განცხადებით, ბევრმა ქვეყანამ კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი არ დაითვალა და არსებული სტატისტიკა - 5.4 მილიონი არაზუსტია. სააგენტოს ახალი შეფასებით, გარდაცვლილთა მაჩვენებელი ცალკეული მთავრობების მონაცემებს ორჯერ აღემატება. 

ანგარიშის თანახმად, ინდოეთში კოვიდით 4,7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ოფიციალურ მონაცემს 10-ჯერ აღემატება და გლობალური გარდაცვალების მაჩვენებლის თითქმის მესამედს შეადგენს. 

"ეს გამოსაფხიზლებელი მონაცემები არა მხოლოდ პანდემიის ზემოქმედებაზე მიუთითებს, არამედ ყველა ქვეყნის საჭიროებაზე - გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები, რაც კრიზისების დროს არსებითი ჯანდაცვის სერვისების შენარჩუნებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემები მოიცავს როგორც უშუალოდ კოვიდ ინფექციით გარდაცვლილებს, ასევე ირიბად, პანდემიის შეფერხებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, 9,5 მილიონი გარდაცვალება პირდაპირ კოვიდ ინფექციამ გამოიწვია. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ით დაახლოებით 16 800 ადამიანი გარდაიცვალა. 

WHO-ს მონაცემებს აღემატება ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის სტატისტიკა. მიმდინარე წლის მარტში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიამ 18.2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარბებს ტუბერკულოზით დაღუპულების მაჩვენებელს, რომელიც ინფექციებს შორის, ყველაზე მეტ გარდაცვალებას იწვევს. ჯანმო-ს მონაცემებით, 2020 წელს ფილტვების დაავადებამ 1,5 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. სააგენტოს ცნობით, სეზონური გრიპი ყოველწლიურად 290 000-დან 650 000-მდე ადამიანს კლავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: თომას მულიერი და კლარა ჰერნანც ლიზარაგა