LIVE

თურქეთში წლიური ინფლაცია 70%-მდე გაიზარდა

05 მაი 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
თურქეთში წლიური ინფლაცია 70%-მდე გაიზარდა
Moe Zoyari/Bloomberg

აპრილში თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 70%-მდე გაიზარდა შესაბამისად, ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზე რჩება. თურქეთში რეკორდულად მაღალ სამომხმარებლო ფასებს გლობალურად ენერგეტიკის, ხოლო ადგილობრივად - სურსათის ფასების ზრდა განაპირობებს.

მარტში ინფლაცია 61.1% იყო. Bloomberg-ის ანალიტიკოსების გამოკითხვის მიხედვით, აპრილში 67.8% იყო ნავარაუდევი. 

მოსალოდნელ მაჩვენებელს აღემატება ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებითაც. კერძოდ, აპრილში მარტთან შედარებით ინფლაციის დონე 7,25%-მდე გაიზარდა. რაც ასევე აჭარბებს პროგნოზირებულს 5,75%-ს.

"თურქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სამომხმარებლო ფასებთან ერთად მზარდია მწარმოებელთა ფასების მაჩვენებლებიც. აპრილში მწარმოებლების ფასების ინდექსი წლიურ ჭრილში 122%-მდე გაიზარდა.

გარე ფაქტორების გავლენით, აპრილში ენერგეტიკის სექტორში ინფლაცია 118,2%-მდე გაიზარდა.

სურსათზე ფასები, რაც სამომხმარებლო კალათის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, წლიურად 70.3%-დან 89%-ით გაიზარდა.

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც არასტაბილური პროდუქტების, მაგალითად, საკვების, ენერგეტიკისა და ოქროს ფასებს გამორიცხავს, 48.4%-დან 52.4%-მდე გაიზარდა.

მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, თურქული ლირა 0,7%-ით გაუფასურდა და სტამბოლში დილის 10:06 საათისთვის $1-ის ფასმა 14.8385 ლირას მიაღწია. მიმდინარე წელს ადგილობრივი ვალუტა, დოლართან მიმართებით, დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ორ წელზე ნაკლებ დროში ეროვნული ბანკის 3 პრეზიდენტი გაათავისუფლა. ცენტრალური ბანკის წინა მმართველი, ნაჯი აგბალი, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერდოღანის შეხედულებასთან, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, საჰაფ კავჯიოღლუ განაკვეთებთან დაკავშირებით ერდოღანის პოზიციას იზიარებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ონურ ანტი