LIVE

თურქეთში ინფლაცია 61%-ს აჭარბებს და 20 წლიან მაქსიმუმზეა

05 აპრ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 596
თურქეთში ინფლაცია 61%-ს აჭარბებს და 20 წლიან მაქსიმუმზეა

მარტში თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 20 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. წლიური ინფლაციის დონე 61.14%-მდე გაიზარდა, რაც მცირედით ჩამორჩება Bloomberg-ის კვლევის საშუალო მაჩვენებელს.

მწარმოებელთა ფასების წლიური ინდექსი უკვე სამნიშნა მაჩვენებელზეა ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში. საბაზო ინფლაცია, რომელიც არ შეიცავს საკვებსა და ენერგიას, გაიზარდა 48%-ზე მეტით წლიურად.

თურქეთის მონეტარული პოლიტიკა არ არის სინქრონიზებული მსოფლიოს მრავალი ცენტრალური ბანკის ნაბიჯებთან, რომლებიც მაღალი ინფლაციის საპასუხოდ პოლიტიკას ამკაცრებენ. თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი (14%) დაბალია იმ ფონზე, რომ ქვეყანაში საკვებით დაწყებული ენერგორესურსებით დამთავრებული, ყველაფრის ღირებულება იზრდება. 

განაკვეთების გაზრდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკის დღის წესრიგში არ დგას. ის ცდილობს, გამოიყენოს იაფი ლირა თურქეთის მწარმოებელ ქვეყნად გადაქცევისთვის. ლირას გაუფასურება ასევე აძლიერებს ინფლაციას იმპორტის გაძვირებით.

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი, ნურედინ ნებატი ვარაუდობს, რომ ინფლაცია “გონივრულ დონემდე” დაეცემა წლის ბოლომდე, თუმცა კონკრეტული მაჩვენებლები მინისტრს არ დაუსახელებია.

ცენტრალური ბანკის მმართველმა, საჰაპ კავჩიოღლუმ განაცხადა, რომ ადგილობრივი ვალუტის მხარდაჭერა მთავარი მიზანი იქნება წელს, თუმცა ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ნიშნავს. ცენტრალური ბანკი იმედოვნებს, რომ შეაჩერებს ფასების ზრდას დედოლარიზაციის წახალისებით. 

ერდოღანის მთავრობა ცდილობს შეამციროს ფასები დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებით ზოგიერთ ძირითად პროდუქტზე, მაგრამ ცვლილებები ერთჯერადი ღონისძიებაა და ნაკლებსავარაუდოა, რომ ამან ფასებზე მკვეთრი გავლენა მოახდინოს. 

“ინფლაციის მონაცემები ხაზს უსვამს ლირას არასტაბილურ მდგომარეობას მიმდინარე წელს. უკრაინაში ომი ვალუტას დაარტყამს იმპორტის გაძვირების გამო და კონფლიქტის დასრულებამ შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლა გლობალური საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გამო. ცენტრალური ბანკის უუნარობა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, ზრდის რისკებს”,- ამბობს ზიად დაუდი, Bloomberg-ის განვითარებადი ბაზრების მთავარი ეკონომისტი.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ორ წელზე ნაკლებ დროში ეროვნული ბანკის 3 პრეზიდენტი გაათავისუფლა. ცენტრალური ბანკის წინა მმართველი, ნაჯი აგბალი, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერდოღანის შეხედულებასთან, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, საჰაფ კავჯიოღლუ განაკვეთებთან დაკავშირებით ერდოღანის პოზიციას იზიარებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბარის ბალჩი