LIVE

თურქეთის ცენტრალური ბანკის მართვა სახიფათო ამოცანა ხდება

21 მარ 202114:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1404
თურქეთის ცენტრალური ბანკის მართვა სახიფათო ამოცანა ხდება
Bloomberg L.P.

მონეტარული მართლმადიდებლობის ოთხი თვე რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ნამეტანი აღმოჩნდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელზე მეტად გაზრდის გადაწყვეტილებიდან ორი დღის შემდეგ, მან ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ნაჯი აგბალი გაათავისუფლა და მის ნაცვლად შაჰაფ კავჯიოღლუ დანიშნა, რომელიც დაბალი საპროცენტო განაკვეთების ჩემპიონია.

ის მარმარას უნივერსიტეტის პროფესორია, ასევე წერს სვეტებს პრო-სამთავრობო გაზეთისთვის, Yeni Safak. ამ გამოცემამ აგბალის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა პარასკევს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მან უგულვებელყო თურქეთის 83 მილიონი მოქალაქის ინტერესები, ავნო ეკონომიკურ ზრდას და ინვესტორებს.

ბოლო ორ წელში აგბალი ცენტრალური ბანკის რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელსაც ერდოღანმა პოლიტიკა დაუწუნა. აგბალი ამ პოზიციაზე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი განთავისუფლება დროში ემთხვევა რეფინანსირების განაკვეთის 200 საბაზისო პუნქტიან ზრდას. Bloomberg-ის გამოკითხვა ორჯერ ნაკლები მატების მოლოდინს აჩვენებდა. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს მიიღო. ორ დღეში კი უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

აგბალის მიერ განაკვეთის აგრესიულმა ზრდამ გაზარდა ცენტრალური ბანკის სანდოობა, ხოლო თურქულ ლირას მეტნაკლები სტაბილურობა მოუტანა. თანაც, მზარდი ინფლაცია ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს ბევრ არჩევანს არც უტოვებდა და ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი მხოლოდ ახალი მმართველის დანიშვნამ გადაჭრას.

200 პუნქტიანი მატებით აგბალმა ცალსახად გარისკა ერდოღანის პროვოცირება, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ მაღალი განაკვეთი იწვევს ინფლაციას. საერთო ჯამში, აგბალმა განაკვეთი 875 საბაზისო პუნქტით ასწია ნოემბრის შემდეგ. ამჟამად ქვეყნის ზღვრული განაკვეთი 19%-ია, რაც არაერთი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

იყო თუ არა ხუთშაბათის გადაწყვეტილება გადაჭარბებული? აგბალს უკვე მოპოვებული ჰქონდა ბაზრის მხარდაჭერა, 18 მარტის მოულოდნელი გადაწყვეტილების გარეშეც. მისი მმართველობისას ლირა, რომელიც განვითარებადი ბაზრების ვალუტებს შორის ყველაზე ცუდ შედეგებს აჩვენებდა, გასულ სამ თვეში დაწინაურდა და ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმერი გახდა. ამდენად, სავარაუდოა, რომ ცენტრალური ბანკის აწ უკვე ყოფილი მმართველი ამ სარისკო გადაწყვეტილებით ინფლაციის ძირეული მიზეზის ჩახშობას უმიზნებდა. თურქეთის ინფლაცია თებერვალში 15.6% იყო.

განურჩევლად იმისა, რამდენად სარისკო იყო აგბალის ქმედება, არაფერი ამართლებს მისი თანამდებობიდან მოხსნის ასეთ უხეშ მანერას, დანიშვნიდან ასეთ მოკლე დროში. თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა ახლა უნდა კვალიფიცირდებოდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პოზიცია საერთაშორისო ეკონომიკაში. ასე ალბათ ბანანის რესპუბლიკაში მოიქცეოდნენ და არა 20 წამყვანი ეკონომიკის ჯგუფის თუ OECD-ის წევრ ქვეყანაში.

აგბალის გათავისუფლების დრო, შაბათ დილას, იმას ნიშნავს, რომ ერდოღანს მოლოდინი აქვს, ამას ბაზარზე ხმაური მოჰყვება. ეს დრამატული მანევრი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ წინ კიდევ არაერთი სიურპრიზია მოსალოდნელი. უკვე ადვილად წარმოსადგენია, რომ შესაძლოა განიხილებოდეს ლირას, ან კაპიტალის კონტროლის გარკვეული ღონისძიებები.

აგბალის წასვლის მთელი ტრაგედია იმაშია, რომ თურქეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა საკმაოდ დამაიმედებელია. მშპ მეოთხე კვარტალში 5.9%-ით გაიზარდა, ბევრად სწრაფად ვიდრე დიდი ოცეულის სხვა ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით. როცა OECD-მა ზრდის პროგნოზი განაახლა მიმდინარე თვეში, თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე აღმოჩნდა, რადგან წელს სავარაუდოდ, 5.9%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება, ორჯერ მეტი თავდაპირველად ნავარაუდევზე. ეს ქვეყანას ბევრად წინ აყენებს, ვიდრე მოწინავე განვითარებად ბაზრებს - ინდონეზიას, მექსიკას და ბრაზილიას. (თუმცა, ამ ქვეყნებს ინფლაციის ისეთი მაღალი დონე არ აქვთ, როგორც თურქეთს). 

რას იზამს ერდოღანის ახალი კადრი ცენტრალურ ბანკში: სრულად შეცვლის მიმართულებას და საპროცენტო განაკვეთს იქ დააბრუნებს, სადაც ნოემბერში იყო? ნაკლებ სავარაუდოა. აგბალამდე არსებული პოლიტიკა ნდობას არ იმსახურებდა. კავჯიოღლუმ, შესაძლოა, გასული კვირის ზრდა დააკორექტიროს მომავალ თვემდე. თუმცა ამას საკუთარი ფასი ექნება, რადგან, როგორც Bloomberg Economics-ის ზიად დაოუდი ამბობს, ამ პოსტზე დანიშნული ნებისმიერი ადამიანი რთული არჩევანის წინაშე დგას: ან ლირა, ან ერდოღანი. როგორც მინიმუმ, კოვჯიოღლუმ იცის, ვის უნდა ასიამოვნოს. 

ცალსახაა, რომ ბანკის ახალი მმართველი ერდოღანის პოზიციას იზიარებს და სჯერა, რომ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს არ უნდა ზრდიდეს მაშინ როცა მსოფლიოში ეს განაკვეთები ნულთან ახლოს არის. მასაც ერდოღანივით სჯერა, რომ მაღალი განაკვეთი იწვევს ინფლაციის ზრდას, მაშინ როცა საპირისპირო რწმენა აქვთ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა და ეკონომისტთა უმეტესობას გლობალური მასშტაბით. ისინი ამტკიცებენ, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა საუკეთესო მეთოდია გადაჭარბებული ინფლაციის სამართავად.

Bloomberg-ის სტატიის ავტორი: დენიელ მოსი