LIVE

მწვავე კოვიდი IQ-ს 10 ქულით აუარესებს - კვლევა

05 მაი 202212:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1689
მწვავე კოვიდი IQ-ს 10 ქულით აუარესებს - კვლევა

Covid-19-ის მწვავე მიმდინარეობამ შეიძლება ხანგრძლივი კოგნიტიური დაქვეითება გამოიწვიოს. კვლევის მიხედვით, გადატანილი ინფექცია ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გავლენას ახდენს.

კვლევაში 46 პაციენტი მონაწილეობდა. მკვლევრებმა ისინი ჰოსპიტალიზაციიდან 6-10 თვის შემდეგ შეაფასეს და აღმოაჩინეს, რომ ცდის პირების პასუხები, მათი ასაკის და დემოგრაფიული პროფილის გათვალისწინებით, უფრო ნელი და ნაკლებად ზუსტი იყო. კიდევ უფრო უარესი შედეგი აჩვენეს იმ პაციენტებმა, რომლებსაც საავადმყოფოში ვენტილატორები დასჭირდათ. მსგავსი ეფექტი მკვლევრებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ეს შედეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ინტელექტუალურად 20 წლით დაბერების ეკვივალენტია. 

"დაქვეითება დაახლოებით IQ-ს 10 ქულის დაკარგვის ტოლფასია. ეს გავლენას მოახდენს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე, მუშაობისა და ცხოვრების გაგრძელებაზე", - თქვა ერთ-ერთმა ავტორმა, Imperial College London-ის ნეირომეცნიერების პროფესორმა ადამ ჰემფშირმა.

მხოლოდ ინგლისში, კოგნიტიური სირთულის წინაშე 40,000-ზე მეტი კოვიდგადატანილია. მეცნიერის თქმით, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ტემპი ძალიან ნელია.

კვლევა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ eClinicalMedicine-ში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ვარაუდს, რომ ადამიანებს, რომლებიც Covid-19-ით (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით) იყვნენ ინფიცირებული, შესაძლოა ჰქონდეთ კოგნიტიურ ფუნქციებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა პრობლემის გადაჭრისა ან შესაბამისი სიტყვების პოვნა ან შესაძლოა, აღენიშნებოდეთ "ტვინის დაბინდვა".

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ერნანც ლიზარაგა