ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც „ბორჯომის“ რამდენიმე აქციონერი სანქცირებულთა სიაში მოხვდა, მთავრობა საკითხზე მუშაობს.
მინისტრის განმარტებით, ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით, იურიდიული დეტალები ზუსტდება.
„პროცესი კომპლექსურია, იმიტომ, რომ საქართველო არის საერთაშორისო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური სანქციების ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იღებენ.
ეს იურიდიული პროცესია, რომელსაც პარტნიორების თანხმობის გარეშე ვერ გავასაჯაროებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მთავრობა და კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია. ახლა იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთი მხრივ დაეხმარება ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის, დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ შეთანხმებული იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა“ 29 აპრილიდან წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ომის გამო პროდუქციის რეალიზაციის გართულება და ასევე, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომაა.
„IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.