სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 2.5%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა. უკვე 9 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის დონე 6% იყო.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.6%), პური და პურპროდუქტები (23.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20%), თევზეული (19%), ზეთი და ცხიმი (17.1%), ხილი და ყურძენი (16.8%), რძე, ყველი და კვერცხი (15.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (14.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.5%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8%).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4%).
შეგახსენებთ, თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 13.7% იყო. 30 მარტს, ეროვნულ ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაზარდა.
სებ-ის ინფორმაციით, 2022 წლის ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის ფასების მკვეთრმა მატებამ მოახდინა. მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება.